მედიის ცნობით, შვედეთის უსაფრთხოების სამსახურმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი  ხუთი პირი დააკავა
მედიის ცნობით, შვედეთის უსაფრთხოების სამსახურმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი  ხუთი პირი დააკავა

შვედეთის უსაფრთხოების სამსახურმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი  ხუთი პირი დააკავა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. როგორც „როიტერი“ წერს, სტოკჰოლმში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ შეთქმულებაში ტერორისტული დანაშაულის ჩადენის მიზნით.

შვედეთის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულებს აქვთ კავშირი გასულ წელს სტოკჰოლმში ჩატარებულ აქციასთან, რა დროსაც ყურანი დაწვეს.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ხუთი პირი დააკავეს სამ ქალაქში ჩატარებული რეიდების დროს. გამოძიება ეჭვობს, რომ მათ აქვთ კავშირი ექსტრემისტ ისლამისტებთან.

„ეს არის ერთ-ერთი იმ საქმეებს შორის, რომელზეც უსაფრთხოების სამსახური მუშაობდა შარშან გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ, რაც დაკავშირებული იყო ყურანის საჯარო დაწვასთან“, – ნათქვამია შვედეთის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ შარშან, იანვარში სტოკჰოლმში ჩატარებული აქციის დროს ულტრამემარჯვენე აქტივისტმა, რასმუს პალუდანმა საჯაროდ დაწვა ყურანი, რასაც მუსლიმური სამყაროს პროტესტი მოჰყვა, ხოლო თურქეთმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროცესი შეაჩერა.