მედიის ცნობით, პარიზსა და რენში საპენსიო რეფორმაზე პროტესტი პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა, სპეცრაზმმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზსა და ქალაქ რენში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო მსვლელობა პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების განეიტრალების მიზნით ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. პარიზში დემონსტრანტებმა მთავარ აეროპორტთან მანქანების მოძრაობა შეაფერხეს. გადაწვეს კაფე, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ხშირად სტუმრობდა.
მსვლელობას სხვადასხვა სექტორის მუშაკები უერთდებიან. პროტესტის ახალი ტალღა საფრანგეთის ქალაქებში მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ელისაბედ ბორნმა პროფკავშირების თხოვნა არ გაითვალისწინა და უარი თქვა სადავო საპენსიო კანონის გაუქმებაზე.
შეგახსენებთ, კანონის თანახმად, მინიმალური საპენსიო ზღვარი ახლა, 62 წლის ნაცვლად, 64 წლიდან განისაზღვრება.