მედიის ცნობით, საბერძნეთში პოლიციის მიერ მოზარდის მკვლელობის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით დაწყებული საპროტესტო გამოსვლები არეულობასა და პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა
საბერძნეთში პოლიციის მიერ მოზარდის მკვლელობის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით დაწყებული საპროტესტო გამოსვლები არეულობასა და პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.
საბერძნეთის პოლიციამ ათენსა და თესალონიკში, სულ მცირე, 35 ადამიანი დააკავა. პოლიციის მხრიდან სისასტიკის გასაპროტესტებლად ორივე ქალაქში ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა.
2008 წელს პოლიციის მიერ სროლის შედეგად 15 წლის ალექსადროს გრიგოლოპულოსის გარდაცვალებამ საბერძნეთში ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური არეულობები გამოიწვია. მომხდართან დაკავშირებით, პოლიციის ოფიცერს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა ის ცოტა ხნის წინ სააპელაციო სასამართლომ გაათავისუფლა.
გარდა ამისა, როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, თესალონიკში შეტაკება მოხდა სამართალდამცველებსა და ბოშათა თემის წარმომადგენლებს შორის. ისინი დემონსტრაციას მართავდნენ ორშაბათს სამართალდამცველების მიერ 16 წლის ბოშა ბიჭის დაჭრის გამო. აქციის მონაწილეებმა ბარიკადები აღმართეს და ქუჩებში მანქანები დაწვეს. პოლიციის განცხადებით, მოზარდმა ბენზინგასამართი სადგურიდან გადახდის გარეშე მიმალვა სცადა. დევნის დროს ის პოლიციამ თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრა. მოზარდი ჰოსპიტალიზებულია. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი ოფიცერი.