მედიის ცნობით, რუსეთში, კურსკის და ბრიანსკის ოლქებში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა
რუსეთში, კურსკისა და ბრიანსკის ოლქებზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახური კურსკისა და ბრიანსკის ოლქების გუბერნატორებზე დაყრდნობით წერს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მომხდარის დეტალებს არ აკონკრეტებს.
„საჰარეო თავდაცვის სისტემების საშუალებით კურსკის ოლქის საჰაერო სივრცეში ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის განეიტრალება მოხდა, კიდევ ორი უპილოტო საფრენი აპარატი განადგურებულია ბრიანსკის ოლქში“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
ბრიანსკის ოლქში გუბერნატორი ალექსანდრ ბოგომაზი აცხადებს, რომ ჩამოგდებულია თვითმფრინავის ტიპის უპილოტოები და არავინ დაშავებულა. კურსკის გუბერნატორი რომან სტარავი კი ამბობს, რომ ერთი-ერთი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი კურსკის ცენტრში ჩამოვარდა, ხოლო მეორე – ქალაქის შემოგარენში. შედეგად რამდენიმე მრავალსართულიან სახლში ჩაიმსხვრა მინები, დაზიანებულია რამდენიმე კერძო სახლი და ადმინისტრაციული შენობის სახურავი. კონკრეტულად რომელ ადმინისტრაციულ შენობაზეა საუბარი, გუბერნატორი ამის შესახებ არაფერს ამბობს.
ცნობისთვის, კურსკზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა გუშინაც მოხდა. შედეგად, ასევე დაზიანდა ადმინისტრაციული შენობა. უკრაინაში აცხადებენ, რომ საქმე ეხება ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის კუთვნილ შენობას. მათივე ცნობით, თავდასხმის სამიზნე ასევე იყო აეროდრომთან ახლოს განლაგებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. გუშინ უპილოტოების თავდასხმის მოგერიების შესახებ ასევე იუწყებოდა ტულის ოლქის ხელისუფლებაც. ღამით მოსკოვის აეროპორტებში კვლავ შემოიღეს შეზღუდვები ფრენებზე. დილით კი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა ყირიმის ნახევარკუნძულის სიახლოვეს ჩამოგდებული ოთხი უპილოტო აპარატის შესახებ.