მედიის ცნობით, რუსეთში, კალუგის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
რუსეთში, კალუგის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. უკრაინული მედიის ცნობით, სანავთობო ობიექტზე იერიში იყო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ოპერაცია.
თავის მხრივ, კალუგის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ ძერჟინსკის რაიონზე დრონებით შეტევა განხორციელდა და რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი გაანეიტრალა. გუბერნატორის თქმით, დაშავებული არავინაა, ინფრასტრუქტურაც არ დაზიანებულა, თუმცა მედიაში გავრცელებული ცნობებით, „პირველი ქარხნის“ ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქების ხმა ისმოდა და ხანძარი გაჩნდა, რომლის ლოკალიზებაც მალევე მოხერხდა.
„პირველი ქარხანა“ კალუგის ოლქის უმსხვილესი ნავთობ-ქიმიური საწარმოა. ამ ობიექტზე დრონებით თავდასხმა 2023 წლის აგვისტოშიც განხორციელდა.