მედიის ცნობით, რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლში სარაკეტო თავდასხმის საფრთხე დღეს ორჯერ გამოცხადდა, ქალაქში ყველა თავშესაფარი შემოწმდება
მედიის ცნობით, რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლში სარაკეტო თავდასხმის საფრთხე დღეს ორჯერ გამოცხადდა, ქალაქში ყველა თავშესაფარი შემოწმდება

რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლში დღეს სარაკეტო თავდასხმის საფრთხე ორჯერ გამოცხადდა. ინფორმაციას „ბიბისის“ რუსულენოვანი ბიურო ავრცელებს.

როგორც რუსეთის მიერ დანიშნული სევასტოპოლის გუბერნატორი მიხაილ რაზვოჟაევი აცხადებს, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ერთ-ერთი რაკეტის ჩამოგდება შეძლო და მისი ნამსხვრევები სანაპიროსთან ახლოს ჩამოვარდა. მისივე თქმით, ადგილზე იმყოფებოდნენ სპეცსამსახურები.

ამასთან ერთად, რაზვოჟაევის თქმით, სევასტოპოლში დაიწყება ყველა თავშესაფრის შემოწმება, სადაც სარაკეტო იერიშების დროს მოქალაქეები უნდა ჩავიდნენ.

ცნობისთვის, 22 სექტემბერს უკრაინამ რუსეთი მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევაკუნძულზე სარაკეტო იერიში მიიტანა. კიევის სამიზნე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბი იყო. როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ძალების წარმომადგენლები ამბობენ, დარტყმა განხორციელდა მაშინ, როდესაც შტაბში სამხედრო მეთაურების თათბირი იმართებოდა.

„შედეგად, ათობით დაღუპული და დაჭრილი ოკუპანტი, რომელთა შორისაცაა ფლოტის უმაღლესი ხელმძღვანელობა“, – აცხადებენ უკრაინელი სამხედროები.

მანამდე „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ სევასტოპოლზე სარაკეტო დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა და 16 დაიჭრა. მათ შორის არიან რუსი გენერლები.

რუსული მხარე უკრაინელი სამხედროების განცხადებებს არ ადასტურებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში შავი ზღვის ფლოტის შენობის დაზიანების ფაქტს და ერთი სამხედროს დაკარგვას აღიარებენ.