მედიის ცნობით, მოძრაობა „თალიბანმა“ მოკლა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც ქაბულის აეროპორტზე თავდასხმის ორგანიზატორად მიიჩნეოდა
მოძრაობა „თალიბანმა“ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი მოკლა, რომელიც 2021 წელს ქაბულის აეროპორტზე მომხდარი თავდასხმის ორგანიზატორად მიიჩნეოდა. „ბიბისის“ ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის ხელისუფლებაში აცხადებენ.
ამერიკელ მაღალჩინოსანთა ცნობით, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი რამდენიმე კვირის წინ მოკლეს, თუმცა ამის დადასტურებას დროს დასჭირდა. ამერიკული მხარე მოკლულის სახელს არ ასაჯაროებს, უცნობია სხვა დეტალებიც. აშშ-ის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სადაზვერვო ინფორმაციის საფუძველზე და რეგიონზე დაკვირვებით მათ დაადგინეს, რომ ტერორისტული დაჯგუფების ლიდერი მოკლულია.
„სამთავრობო ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ ეს პირი ნამდვილად იყო ძირითადი პასუხისმგებელი პირი ამ თავდასხმაზე“, – განუცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა „ბიბისის“ პარტნიორ ამერიკულ არხს, „სიბიესს“.
2021 წლის აგვისტოში ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის პროცესში, ქაბულის აეროპორტში ევაკუაციის დროს, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. თავდასხმას 170 სამოქალაქო პირი და 13 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა.