მედიის ცნობით, მოძრაობა „თალიბანი“ თვითმკვლელ ტერორისტებს აქებს, მათ ოჯახებს კი მიწას და ანაზღაურებას ჰპირდება
მედიის ცნობით, მოძრაობა „თალიბანი“ თვითმკვლელ ტერორისტებს აქებს, მათ ოჯახებს კი მიწას და ანაზღაურებას ჰპირდება

მოძრაობა „თალიბანი“ თვითმკვლელ ტერორისტებს აქებს, მათ ოჯახებს კი მიწას და ანაზღაურებას ჰპირდება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ავღანეთში, რადიკალური მოძრაობის „თალიბანის“ მიერ ჩამოყალიბებული მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სირაჯუდინ ჰაქანიმ, წინა მთავრობასთან და დასავალეთის ქვეყნებთან მებრძოლი თვითმკვლელი ტერორისტები შეაქო, ხოლო მათ ოჯახებს მიწას და ანაზღაურებას დაჰპირდა. თავის გამოსვლაში, ჰაქანიმ მაღალი შეფასება მისცა ჯიჰადს, ხოლო მოჯაჰედების მიერ გაღებულ მსხვერპლს გმირული უწოდა.

შინაგან საქმეთა სმაინისტროს ინფორმაციით, თვითმკვლელი ტერორისტების ოჯახები ტანსაცმელს, 10 ათას ავღანს (111 აშშ დოლარი) და მიწას მიიღებენ.

სირაჯუდინ ჰაქანი აშშ-ის ფედერალური ბიუროს მიერ იძებნებოდა 2008 წელს, ქაბულის ერთ-ერთი სასტუმროს აფეთქების საქმეზე დასაკითხად. მის დაკავებაზე ან ინფორმაციის მიწოდებაზე აშშ-ს 10 მილიონი დოლარი ჰქონდა ჯილდოდ დაწესებული.

რადიკალურ მოძრაობა „თალიბანში“ სირაჯუდინ ჰაქანიმ ე.წ „ჰაქანის ქსელის“ მეთაურის თანამდებობაზე მისი მამა შეცვალა. ჰაქანების კლანს დასავლეთის ქვეყნები ყველაზე სისხლიანი ტერაქტების მოწყობაში სდებდა ბრალს.