მედიის ცნობით, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა, 100 კი დაშავდა
მედიის ცნობით, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა, 100 კი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯენინის ლტოლვილთა ბანაკში მიმდინარე მასშტაბური ოპერაციის დროს დაშავებულთაგან 20 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ისრაელის უსაფრთხოების ძალების ინფორმაციით, სამხედროებს ჯერ კიდევ აქვთ 10 გასანეიტრალებელი სამიზნე.
ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ ოპერაციის მსვლელობის დროს 120 ეჭვმიტანილი დააკავეს, საერთო ჯამში კი, ჯენინის ბანაკში 300 შეირაღებული მებრძოლი იმალებოდა. სამიზნეები, სავარაუდოდ, გულისხმობს ადგილებს, რომლებიც მოიცავს ასაფეთქებელ ლაბორატორიებს.
პალესტინის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის ინფორმაციით, ჯენინის ლტოლვილთა ბანაკიდან 3 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მათ შორის პაციენტების და ხანდაზმული ადამიანების. ისრაელის სამხედრო ოპერაცია ჯენინის ლტოლვილთა ბანაკის წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბურია 2000-2005 წლების მეორე ინტიფადას (პალესტინელების აჯანყება) შემდეგ. ისრაელის მედიის ინფორმაციით, დაახლოებით 1 000 ისრაელელი ჯარისკაცი დაიწყებს ჯენინში ოპერაციის „მეორე ფაზას“ უახლოეს რამდენიმე საათში.