მედიის ცნობით, ლაჩინის სასაზღვრო-საკონტროლო პუნქტზე აზერბაიჯანელებმა ე.წ. ყარაბაღის რესპუბლიკის ყოფილი „თავდაცვის მინისტრი“, ლევონ მნაცაკანიანი დააკავეს
მედიის ცნობით, ლაჩინის სასაზღვრო-საკონტროლო პუნქტზე აზერბაიჯანელებმა არაღიარებული ყარაბაღის ყოფილი ე.წ. თავდაცვის მინისტრი ლევონ მნაცაკანიანი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს „რადიო თავისუფლების“ სომხურენოვანი ბიუროც.
ამჟამად გენერალ-ლეიტენანტ მნაცაკანიანის ადგილსამყოფელი უცნობია. როგორც „როიტერი“ წერს, ლევონ მნაცაკანიანი არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის არმიას 2015-2018 წლებში მეთაურობდა.
ცნობისთვის, მანამდე აზერბაიჯანელებმა ასევე დააკავეს არაღიარებული ყარაბაღის რესპუბლიკის „სახელმწიფო მინისტრი“, მილიარდერი რუბენ ვარდანიანი. მას ტერორიზმის დაფინანსებასა და უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნაში დასდეს ბრალი. ვარდანიანს ოთხი თვით წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახური ასევე ავრცელებს ცნობას, რომ დაკავებულია არაღიარებული ყარაბაღის რესპუბლიკის არმიის მეთაურის მოადგილე დავიდ მანუკიანი. ბაქოში აცხადებენ, რომ ის „ტერორიზმის ბრალდებით იძებნებოდა“. „როიტერი“ ასევე წერს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას აქვს იმ პირთა სია, რომელთაც ბაქო სხვადასხვა დანაშაულში სდებს ბრალს და მათი დაკავება სურს. როგორც სააგენტოს აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენელმა ანონიმურად განუცხადა, ამ ნუსხაში რამდენიმე ასეული ადამიანია.
ყარაბაღის არაღიარებულმა რესპუბლიკამ თვითლიკვიდაციის შესახებ 9 სექტემბერს გამოაცხადა. დე ფაქტო პრეზიდენტმა, სამველ შაჰრამანიანმა ხელი მოაწერა შესაბამის განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, დაიშლება და 2024 წლის პირველი იანვრიდან არსებობას შეწყვეტს ყველა ე.წ. სახელმწიფო დაწესებულება და ორგანიზაცია.