მედიის ცნობით, კოსოვოს მთავრობამ სერბეთის სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების კოსოვოს ტერიტორიაზე შესვლა აკრძალა
კოსოვოსა და სერბეთს შორის დაძაბულობა მატულობს. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, კოსოვოს მთავრობამ დღეიდან აკრძალა სერბეთის სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების კოსოვოს ტერიტორიაზე შესვლა. ამას წინ უძღოდა სერბეთის უსაფრთხოების ძალების მიერ სამი კოსოვოელი პოლიციელის დაკავება. პრიშტინასა და ბელგრადში ოფიცრების დაკავების განსხვავებულ ვერსიებს ავრცელებენ და ერთმანეთს საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებენ.
სერბეთსა და კოსოვოს შორის დაძაბულობა უკავშირდება კოსოვოს ჩრდილოეთით ჩატარებულ არჩევნებს, რომელსაც იქ მცხოვრებმა სერბებმა ბოიკოტი გამოუცხადეს. ამ არჩევნებში ეთნიკურმა ალბანელმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს, რასაც სერბების პროტესტი და აქციები მოჰყვა. აქტივისტები თავს დაესხნენ ნატო-ს სამშვიდოებსაც. ევროკავშირმა მოუწოდა კოსოვოს პრემიერ-მინისტრს, ქმედითი ნაბიჯები გადადგას კრიზისის გადასაჭრელად. ბრიუსელში განაცხადეს, რომ დაძაბულობის განმუხტვამდე აჩერებენ კოსოვოს დაფინანსებას და მაღალი დონის ვიზიტებს წყვეტენ.