მედიის ცნობით, კაიროში დღევანდელ შეხვედრაზე ღაზაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, თუმცა მოლაპარაკებების განახლება მომავალი კვირისთვის იგეგმება
მედიის ცნობით, კაიროში დღევანდელ შეხვედრაზე ღაზაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, თუმცა მოლაპარაკებების განახლება მომავალი კვირისთვის იგეგმება

„ჰამასის“ დელეგაციამ კაიროში მიმდინარე მოლაპარაკებები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის გარეშე დატოვა, თუმცა შეიარაღებულ დაჯგუფებაში აცხადებენ, რომ ისრაელთან არაპირდაპირი მოლაპარაკებები დასრულებული არ არის. მოლაპარაკებები ეგვიპტისა და კატარის შუამავლობით მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

„ჰამასის“ განცხადებით, დელეგაციამ კაირო დაჯგუფების ხელმძღვანელობასთან კონსულტაციებისთვის დატოვა. ამასთან, ეგვიპტური მედიის ცნობით, მოლაპარაკებების განახლება მომავალ კვირას იგეგმება.

არსებობდა ვარაუდი, რომ 40-დღიანი ზავი, შესაძლოა, მომავალი კვირიდან, მუსლიმთა წმინდა თვის, რამადანის დასაწყისისთვის ამოქმედებულიყო. აღსანიშნავია, რომ ისრაელს კაიროში დელეგაცია არ გაუგზავნია, რადგან „ჰამასისგან“ ჯერ იმ მძევლების სიის გადაცემას ითხოვს, რომლებიც შეთანხმების შედეგად უნდა გათავისუფლდნენ. „ჰამასის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისრაელი უარს ამბობს, შეასრულოს მათი მოთხოვნა იძულებით გადაადგილებული პალესტინელების სახლებში დაბრუნებისა და ღაზის ქალაქებიდან ისრაელის ძალების სრული გაყვანის შესახებ.

მედიის ცნობით, შეთავაზებული შეთანხმება ითვალისწინებს 40 ისრაელელი მძევლის გათავისუფლებას 400-მდე პალესტინელი პატიმრის ციხეებიდან გათავისუფლების სანაცვლოდ. არსებული მონაცემებით, „ჰამასის“ ტყვეობაში ამ დრომდე რჩება 130-ზე მეტი მძევალი. ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, მათგან დაახლოებით 30 გარდაცვლილია.

როგორც მედია წერს, ღაზის სექტორში უმძიმესი ჰუმანიტარული ვითარებაა შექმნილი. სექტორში შიმშილისგან გარდაცვალების შემთხვევების შესახებ ცნობები ვრცელდება. ბრიტანეთი და აშშ ისრაელს მოუწოდებენ, გაზარდოს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების დაშვება. ზოგიერთი ქვეყანა ღაზაში მყოფ მოსახლეობას სურსათს თვითმფრინავებიდან პარაშუტების საშუალებით აწვდის.