მედიის ცნობით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს, დაადანაშაულოს რუსეთი აშშ-ის არჩევნებში დეზინფორმაციის გზით ჩარევის მცდელობაში
ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს, დაადანაშაულოს რუსეთი აშშ-ის არჩევნებში კრემლის მიერ მართული მედიისა და სხვა პლატფორმების გამოყენებით დეზინფორმაციის გზით ჩარევის მცდელობაში. ამის შესახებ „სიენენი“ ექვს წყაროზე დაყრდნობით წერს.
ტელეკომპანიის ცნობით, მოსალოდნელია, რომ აშშ დღეს კრემლის ამ ძალისხმევის საწინააღმდეგოდ ზომების გამოაცხადებს.
NBC News-ი იტყობინება, რომ გამოცხადდება სანქციები.
რუსეთის პროპაგანდისტული კამპანიის მთავარ ელემენტად ამერიკელი მაღალჩინოსნები რუსულ სახელმწიფო სატელევიზიო ქსელ RT-ს განიხილავენ. კიდევ ერთი კომპანია, რომელსაც, როგორც მოსალოდნელია, აშშ-ის ხელისუფლება დაასახელებს, „სოციალური პროექტირების სააგენტოა“. ის უკვე სანქცირებულია დეზინფორმაციის გასავრცელებლად ყალბი ვებგვერდების შექმნისთვის.
4 სექტემბერს გენერალური პროკურორი მერიკ გერლენდი უხელმძღვანელებს არჩევნებთან დაკავშირებულ საფრთხეებზე მომუშავე იუსტიციის დეპარტამენტის ჯგუფის შეხვედრას, რომელსაც, ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნებთან ერთად, გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი კრისტოფერ რეი დაესწრება.