მედიის ცნობით, ისრაელში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ აქციებზე, სულ მცირე, 15 ადამიანი დააკავეს
ისრაელში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ აქციებზე, სულ მცირე, 15 ადამიანი დააკავეს, – ამის შესახებ Timesofisrael-ი წერს.
სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ მომიტინგეები თელ ავივში და სხვა ქალაქებში შეიკრიბნენ და მთავარი მაგისტრალები გადაკეტეს.
პოლიციის ცნობით, აქციებზე, სულ მცირე, 15 დემონსტრანტი წესრიგის დარღვევისა და ოფიცრებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.
პროტესტის ორგანიზატორებმა ნეთანიაჰუს მიმართვას „ტყუილითა და წაქეზებით სავსე გამოსვლა“ უწოდეს და ამტკიცებდნენ, რომ პრემიერ-მინისტრი „დიქტატურას ირჩევს“.
მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის სასამართლო რეფორმის კანონპროექტზე კონსენსუსის მისაღებად მცდელობები გრძელდება.
როგორც „როიტერი“ წერს, მოსალოდნელია, რომ კანონმდებლები ორშაბათს კენჭს უყრიან სასამართლო რეფორმის პირველ ნაწილს, ე.წ. გონივრულობის კანონპროექტს, რომლის მიღების შემთხვევაში უზენაესი სასამართლო ვეღარ დაბლოკავს ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ან დანიშვნებს, რომლებსაც ის „არაგონივრულად“ მიიჩნევს.