არაბული მედიის ცნობით, ირანის „ყუდსის ძალების“ მეთაური ესმაილ ყაანი, რომლის გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, ცოცხალია და ირანში დაკითხვაზე იმყოფება
არაბული მედიის ცნობით, ირანის „ყუდსის ძალების“ მეთაური ესმაილ ყაანი, რომლის გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, ცოცხალია და ირანში დაკითხვაზე იმყოფება

ირანის „ყუდსის ძალების“ მეთაური ესმაილ ყაანი, რომლის გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, ცოცხალია, ირანში დააკავეს და დაკითხვაზე იმყოფება ლიბანის ომთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას „მიდლ ისთ აი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ლიბანის ომის მიმდინარეობისას უსაფრთხოების გარღვევის და ისრაელის სპეცსამსახურების სავარაუდო შეღწევის საქმეზე ირანელ გენერალს და მის გუნდს დაკითხვას უტარებენ.

ესმაილ ყაანი ლიბანში „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას მკვლელობის შემდეგ საჯაროდ აღარ გამოჩენილა. მას შემდეგ, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ (IRGC) დაიწყო გამოძიება, თუ როგორ შეძლო ისრაელმა შეეღწია ლიბანის მოძრაობის უმაღლეს ხელმძღვანელობაში და გარკვევა, სად იქნებოდა ჰასან ნასრალა.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 27 სექტემბერს ისრაელის ავიაიერიშის შედეგად ჰასან ნასრალას მკვლელობის შემდეგ, ესმაილ ყაანი ლიბანში ჩავიდა და ნასრალას პოტენციურ შემცვლელთან, ჰაშემ საფიედინთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც „ჰეზბოლას“ ლიდერების შეკრებაზე კიდევ ერთი დარტყმა განხორციელდა. სხვადასხვა მედიასაშუალება წერდა, რომ საფიედინთან ერთად ყაანიც მოკლეს.

„მიდლ ისთ აის“ ირანულმა და ერაყულმა წყაროებმა განუცხადეს, რომ „ყუდსის ძალების“ ლიდერი ჰაშემ საფიედინთან არ იმყოფებოდა და არც დაღუპულა. გამოცემის თანახმად, ირანელებს აქვთ სერიოზული ეჭვი, რომ ისრაელმა შეაღწია „ისლამური რევოლუციის გუშაგთან კორპუსში“, განსაკუთრებით, ლიბანის ასპარეზზე მომუშავე პირებში, ამიტომ ყველა ამჟამად გამოძიების ქვეშაა.