მედიის ცნობით, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე, 40-მდე გაიზარდა, დაშავებულია 740 ადამიანი
ტერორისტული ჯგუფის, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად, ისრაელში, სულ მცირე, 40 ადამიანი დაიღუპა და 740 დაშავდა, – ამის შესახებ Timesofisrael-ი წერს.
ისრაელის განათლების სამინისტროს განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლები და საბავშვო ბაღები დაიხურა. მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალების საშინაო ფრონტის სარდლობამ განაცხადა, რომ სწავლა არ გაგრძელდება ქვეყნის ცენტრალურ ნაწილსა და სამხრეთში, მაგრამ სამინისტრომ სკოლებისა და ბაღების მთელი ქვეყნის მასშტაბით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
ამასთან, „ჰამასი“ აცხადებს, რომ რამდენიმე მძევალი ისრაელიდან ღაზის სექტორში გაიყვანეს. აღნიშნული ინფორმაცია ისრაელს არ დაუდასტურებია.
ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.