მედიის ცნობით, ღაზას სექტორში მყოფი ისრაელელი ტყვეების საკითხზე ისრაელის პრემიერ-მინისტრსა და ეგვიპტის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა და ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდელ-ფათა ალ-სისიმ ღაზის სექტორში მყოფი ისრაელელი ტყვეების საკითხზე სატელეფონო საუბარი გამართეს.
მხარეთა შორის შემდგარი პირველი სატელეფონო საუბრისას ბენეტმა ალ-სისის განუცხადა, რომ ღაზას სექტორში დაკავებული ისრაელელი ჯარისკაცები უნდა გათავისუფლდნენ და ისრაელსა და ორგანიზაცია „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უნდა გაგრძელდეს.
არსებული ინფორმაციით, ეგვიპტის ლიდერმა ცეცხლის შეწყვეტის მნიშვნელობასა და ღაზაში ჰუმანიტარული ვითარების გაუმჯობესებას გაუსვა ხაზი. აქვე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მათ შორის პირისპირ შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.
ისრაელსა და პალესტინელებს შორის 21 მაისს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უმთავრესი შუამავლები ეგვიპტე და გაერო არიან. ამ შეთანხმებას მხარს უჭერენ შეერთებული შტატები, აგრეთვე ევროკავშირის ზოგიერთი წევრი და რამდენიმე არაბული სახელმწიფო.
სატელეფონო საუბრისას ორივე ლიდერმა მათ შორის არსებულ რამდენიმე საკითხზეც ისაუბრა, მათ შორის 1979 წლის სამშვიდობო ხელშეკრულების მნიშვნელობაზე, რამაც ოფიციალური კაიროსა და თელ-ავივის ურთიერთობებს გზა გაუხსნა.