მედიის ცნობით, ღაზას სექტორში ისრაელის სარაკეტო დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის „ისლამური ჯიჰადის“ სამი ლიდერი
ღაზას სექტორში ისრაელის სარაკეტო დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის მოძრაობა „ისლამური ჯიჰადის“ სამი ლიდერი და, სულ მცირე, 9 მოქალაქეა, მათ შორის ოთხი ბავშვი.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ პალესტინის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამიზნე ღაზაში რიგით მეორე ყველაზე ძლიერი შეიარაღებული დაჯგუფების, „ისლამური ჯიჰადის“ სამი მეთაური იყო.
„ნებისმიერი ტერორისტი, ვინც ისრაელის მოქალაქეებს ზიანს მიაყენებს, ინანებს“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა.
ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, ღაზას სექტორში „ისლამური ჯიჰადის“ წინააღმდეგ ჩატარებულ ოპერაციაში 40 სამხედრო თვითმფრინავი მონაწილეობდა. ამასთან, ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ ანკლავში განხორციელებული დარტყმების შედეგად მოქალაქეებს შორის მსხვერპლის შესახებ გავრცელებულ ცნობებს სწავლობენ.
როგორც „როიტერი“ წერს, „ისლამური ჯიჰადის“ შეიარაღებულმა ფრთამ დაადასტურა სამი მეთაურის დაღუპვა და აღნიშნა, რომ არ დატოვებენ პოზიციებს და წინააღმდეგობას გააგრძელებენ.