მედიის ცნობით, გერმანიაში რკინიგზის მემანქანეები გაიფიცნენ, რაც, სავარაუდოდ, ათასობით რეისის გაუქმებას გამოიწვევს
მედიის ინფორმაციით, გერმანიაში რკინიგზის მემანქანეები გაიფიცნენ. მატარებლების მიმოსვლა 7 დეკემბრის 22:00 საათიდან 8 დეკემბრის საღამომდე შეჩერებულია, რაც, სავარაუდოდ, რეგიონული თუ შორი დისტანციის ათასობით რეისის ჩაშლას გამოიწვევს.
მემანქანეებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მას შემდეგ მიმართეს, რაც სარკინიგზო კომპანია „დოიჩე ბანთან“ მოლაპარაკებები ჩავარდა. მემანქანეთა პროფკავშირების წარმომადგენლების განმარტებით, გაფიცულები კვირაში 38-საათიანი სამუშაო გრაფიკის 35 საათამდე შემცირებას, ყოველთვიური ანაზღაურების 555 ევროთი გაზრდასა და ინფლაციის კომპენსაციისთვის ერთჯერადად 3 000-ევროიან ანაზღაურებას ითხოვენ.
სარკინიგზო კომპანია „დოიჩე ბანმა“ კადრების სიმცირის გამო სამუშაო გრაფიკის შემცირებაზე უარი განაცხადა და სანაცვლოდ თანამშრომლებს ხელფასის 11%-იანი ზრდა შესთავაზა, რასაც მემანქანეები არ დათანხმდნენ.