მედიის ცნობით, ევროპარლამენტის წევრები ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ საერთაშორისო დევნის დაწყებას ითხოვენ
ევროპარლამენტის წევრები ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ საერთაშორისო დევნის დაწყებას ითხოვენ.
„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ევროპელი დეპუტატების მოთხოვნა „ბელარუსში მასობრივ წამებებს და რეპრესიებს უკავშირდება“.
ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, ალექსანდრ ლუკაშენკო მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს უნდა გადაეცეს.
კუბილიუსის პოზიციას მხარი დაუჭირა გერმანელმა დეპუტატმა, სერგეი ლაგოდინსკიმ, რომელმაც თქვა, რომ სამართალწარმოება წამების საქმეებზე უნდა დაიწყოს. მედიის ინფორმაციით, აღნიშნული მოთხოვნა ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოხვდება, რომელზეც 7 ოქტომბერს კენჭისყრა გაიმართება.
ევროპარლამენტის წევრები აცხადებენ, რომ ლუკაშენკომ პირადად გასცა ოპოზიციონერი დემონსტრანტების უკანონო დაკავების და წამების ბრძანება.
საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს ბელარუსში რამდენიმე ასეული ადამიანი დააკავეს, რომელთაგან სულ მცირე 700 ადამიანი კვლავ საპატიმროშია.