მედიის ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრთა საბჭომ რუმინეთსა და ბულგარეთს შენგენის ზონაში შესვლაზე კვლავ უარი უთხრა, ხორვატიის მიღებას კი დასთანხმდა
ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრთა საბჭომ რუმინეთსა და ბულგარეთს შენგენის ზონაში შესვლაზე კვლავ უარი უთხრა, ხორვატიის მიღებას კი დათასნხმდა.
ევროკავშირის თავისუფალი გადაადგილების ზონაში რუმინეთისა და ბულგარეთის მიღება ნიდერლანდებმა და ავსტრიამ დაბლოკეს.
„როდესაც ჩვენ ერთიანები ვართ, ჩვენ ძლიერები ვართ. ცხადია, ამ საკითხზე, ბულგარეთისა და რუმინეთის შენგენის ზონაში შეყვანის თემაზე, ჩვენ ერთიანები არ აღმოვჩნდით და ეს სამწუხაროა“, – განაცხადა ევროკომისიის წევრმა, იულვა იოჰანსონმა.
ევროკომისია და ევროპარლამენტი, უკვე დიდი ხანია, მხარს უჭერენ რუმინეთისა და ბულგარეთის ევროკავშირის თავისუფალი გადაადგილების ზონაში შეყვანას. მათი შეფასებით, ორივე სახელმწიფო შენგენის ზონაში შესვლისთვის აუცილებელ ფორმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, თუმცა ავსტრიასა და ნიდერლანდებში მიაჩნიათ, რომ რუმინეთსა და ბულგარეთში მესაზღვრეები და სხვა სახელმწიფო მოხელეები კვლავაც მიდრეკილი არიან კორუფციისკენ და არსებობს საფრთხე, რომ ისინი ევროზონაში არალეგალ მიგრანტებს ქრთამის სანაცვლოდ შეუშვებენ.
ბულგარეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ნიდერლანდებისა და ავსტრიის წინააღმდეგ საპასუხო ზომებს მიიღებს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რაზეა საუბარი. რუმინეთის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ მისი ქვეყნისთვის შენგენის ზონაში შესვლაზე კიდევ ერთხელ უარის თქმა რუმინეთში ევროსკეპტიკოსების რიცხვს გაზრდის.
რუმინეთი და ბულგარეთი შენგენის ზონაში შესვლას 2011 წლიდან ცდილობენ. ამჟამად შენგენის ზონაში შედის 26 ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი 22 ქვეყანა, ასევე ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია.