მედიის ცნობით, ევროკავშირის კომისართა კოლეგიამ პოლონეთში მიღებული სადავო კანონის წინააღმდეგ საქმისწარმოება დაიწყო
მედიის ცნობით, ევროკავშირის კომისართა კოლეგიამ პოლონეთში მიღებული სადავო კანონის წინააღმდეგ საქმისწარმოება დაიწყო

ევროკავშირის კომისართა კოლეგიამ პოლონეთში მიღებული სადავო კანონის წინააღმდეგ საქმისწარმოება დაიწყო. საუბარია „რუსული გავლენის გამოძიებისთვის კომისიის შექმნის“ შესახებ მიღებულ კანონზე, რომელსაც პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ გასულ კვირას მოაწერა ხელი.

როგორც მედია წერს, ევროკომისია დოკუმენტის შესწავლისა და ანალიზის შემდეგ მივიდა დასკვნამდე, რომ აღნიშნული კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას.

საქმე შესაძლოა, ევროკავშირის სასამართლომდეც მივიდეს, პირველ ეტაპზე კი ვარშავას ბრიუსელისგან ოფიციალური შეტყობინება გაეგზავნება. მედიის ცნობით, თუკი პოლონეთი არ გაითვალისწინებს ბრიუსელის მოთხოვნებს, ევროკომისია შემდეგ ეტაპზე გადავა, რაც, შესაძლოა, ფინანსური სანქციების დაკისრება გახდეს.

ევროკავშირისა და აშშ-სგან კანონის გაკრიტიკების შემდეგ, 2 ივნისს პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა მასში სასწრაფო შესწორებების შეტანის ინიციატივით გამოვიდა. აღნიშნული კანონის მიხედვით, კომისიას შეეძლება, აუკრძალოს პირებს საჯარო და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა, თუ დაადგენს, რომ ისინი კრემლის გავლენის ქვეშ მოქმედებენ. პოლონეთის მთავრობა აცხადებს, რომ კანონი მიმართულია ქვეყანაში კრემლის აგენტების წინააღმდეგ, თუმცა კანონის კრიტიკოსები შიშობენ, რომ მთავრობამ, შესაძლოა, საკანონმდებლო ცვლილებები ოპონენტების ჩამოსაშორებლად, პოლიტიკურ იარაღად გამოიყენოს.

პოლონეთის ოპოზიციური ძალები, მათ შორის, „სამოქალაქო პლატფორმა“ და მისი ლიდერი დონალდ ტუსკი მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონი მიმართულია მათ წინააღმდეგ, პირველ რიგში კი, 2010 წლის სმოლენსკის ავიაკატასტროფის კონტექსტში. კანონის მოწინააღმდეგეთა აზრით, მიზანს წარმოადგენს საპარლამენტო არჩევნების წინ პოლიტიკური ასპარეზიდან დონალდ ტუსკის ჩამოშორება.