მედიის ცნობით, ემანუელ მაკრონმა ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლს ხელი მოაწერა
ფრანგული გამოცემა „ლე ფიგაროს“ ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ხელი მოაწერა პროტოკოლს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ.
როგორც გამოცემა წერს, ელისეის სასახლეში განაცხადეს, რომ ფინეთისა და შვედეთის, ორი ევროპელი პარტნიორის სუვერენული არჩევანი გააძლიერებს მათ უსაფრთხოებას უშუალოდ მათ სამეზობლოში არსებული საფრთხის წინაშე და ამ ორი პარტნიორის შესაძლებლობების გათვალისწინებით, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კოლექტიურ პოზიციასა და ევროპულ უსაფრთხოებაში.
ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად ფინეთსა და შვედეთს ალიანსის 30 წევრის თანხმობა სჭირდება. „ ლე ფიგაროს” ცნობით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უკვე ნატო-ს 20-მა ქვეყანამ მოახდინა მათი გაწევრიანების შესახებ შესაბამისი პროტოკოლის რატიფიცირება.
როგორც გამოცემა წერს, თურქეთი შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების პროცესის გაყინვით იმუქრება და ორივე ქვეყანას „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან” დაკავშირებული პირებისადმი კეთილგანწყობაში სდებს ბრალს.