მედიის ცნობით, დონალდ ტრამპის დროს დანიშნული ფედერალური პროკურორების უმრავლესობას თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს
მედიის ცნობით, დონალდ ტრამპის დროს დანიშნული ფედერალური პროკურორების უმრავლესობას თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს დანიშნული ფედერალური პროკურორების უმრავლესობას თანამდებობის დატოვება მოსთხოვა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალებას უწყებაში განუცხადეს, მუშაობას გააგრძელებს დელავერის პროკურორი დევიდ უაისი, რომელიც ჯო ბაიდენის შვილის, ჰანთერ ბაიდენის საგადასახადო საქმეს იძიებს; ასევე ჯონ დარჰემი, რომელსაც ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა ტრამპისა და მისი გუნდის რუსეთთან კავშირების გამოძიების წარმომავლობის დადგენა დაავალა.

ამასთან, როგორც მოსალოდნელია, იუსტიცის დეპარტამენეტი კოლუმბიის ოლქის პროკურორის მოვალეობის შემსრულებელს, მაიკლ შევინს დაავალებს 6 იანვარს კაპიტოლიუმზე განხორციელებული შტურმის გამოძიების მონიტორინგს.

როგორც თეთრ სახლში განმარტეს, სენსიტიურ გამოძიებებში ჩართული პროკურორების თანამდებობაზე დატოვება ხაზს უსვამს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვალდებულებას, შეინარჩუნოს დამოუკიდებელი იუსტიციის დეპარტამენტი.

„პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ სურს, აღადგინოს იუსტიციის დეპარტამენტის დამოუკიდებლობა და უზრუნველყოს, რომ ის დარჩეს თავისუფალი ნებისმიერი შეუსაბამო პოლიტიკური გავლენისგან“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ.