ვოლოდიმირ ზელენსკი – მოლაპარაკებები სწრაფი ტემპით უნდა გაგრძელდეს, რათა ეს ომი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს, უკრაინა მზად არის, გადადგას აუცილებელი ნაბიჯები
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უახლოეს დღეებში, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლები სამუშაო დონეზე სამმხრივ შეხვედრას გამართავენ.
ზელენსკის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა. მისი განცხადებით, მხარეები სამმხრივი ფორმატის შეხვედრისთვის ემზადებიან.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, დღეს ბრიუსელში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც უკრაინის, აშშ-ის, ევროკავშირის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ნატო-სა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო ბიზნესსაზოგადოების წევრები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე უკრაინის ომის შემდგომი აღდგენის საკითხები განიხილეს. ხვალ კი ბრიუსელში უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე იმსჯელებენ.
„მოლაპარაკებები მაქსიმალურად სწრაფი ტემპით უნდა გაგრძელდეს, რათა ეს ომი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს. უკრაინა მზად არის, გადადგას აუცილებელი ნაბიჯები. ჩვენი წინადადებები მკაფიოა და ისინი ამერიკულ მხარეს უკვე წარვუდგინეთ“,- განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, შეხვედრებზე საჰაერო თავდაცვის საკითხიც განიხილეს. ზელენსკის განცხადებით, უკრაინას „პეტრიოტის“ სისტემებისთვის რაკეტების მარაგის შევსება სჭირდება, რათა მოსახლეობა რუსეთის თავდასხმებისგან დაიცვას.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა აშშ-თან ორმხრივი თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობასაც, განსაკუთრებით კი „დრონების შეთანხმების“ ფორმატში.
„უკრაინა მადლიერია აშშ-ის მხარდაჭერისთვის – ჩვენი დამოუკიდებლობის, ხალხისა და დიპლომატიური ძალისხმევის მხარდაჭერისთვის. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, ხოლო ომის შემდგომი უსაფრთხოების გარანტიები ნამდვილად მტკიცე და ურყევი უნდა იყოს. ამის მისაღწევად ვმუშაობთ“,- აღნიშნა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, ამჟამად უკრაინის პრეზიდენტი მადრიდში იმყოფება.