სერბეთში გასული წლის საპროტესტო აქციების დროს დემონსტრანტების მიმართ ძალის გადამეტების ბრალდებით ცხრა მოქმედი და ერთი ყოფილი პოლიციელი დააკავეს

00:35, 05.11.2026

სერბეთში გასული წლის საპროტესტო აქციების დროს დემონსტრანტების მიმართ ძალის გადამეტების ბრალდებით ცხრა მოქმედი და ერთი ყოფილი პოლიციელი დააკავეს.

სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათ ბრალად ედებათ გასულ წელს, ბელგრადში გამართული აქციების დროს დაკავებულების მიმართ ძალის გადამეტება. სერბეთის შს სამინისტროს ცნობით, დაკავებულები პოლიციის ელიტურ დანაყოფში მსახურობდნენ.

გამოძიების ინფორმაციით, მათ 2025 წლის 14-15 აგვისტოს, ბელგრადის ცენტრში მდებარე სამთავრობო კომპლექსის ავტოფარეხში, რამდენიმე დაკავებული აწამეს და დააშინეს.

„ძალის გამოყენებითა და მუქარით, მათ არაერთ ადამიანს დიდი ტკივილი და მძიმე ტანჯვა მიაყენეს. მათი მიზანი ინფორმაციის მოპოვება, დაკავებულების დაშინება და უკანონო დასჯა იყო“,- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

როგორც მედია წერს, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტებზე სამართალდამცველები დააკავეს.

დემონსტრაციაში მონაწილე ათობით სტუდენტი და აქტივისტი პოლიციას ძალის გადამეტებაში ადანაშაულებდა. აქციების დასაშლელად პოლიცია ცრემლსადენ გაზს, სპეციალურ ჯავშანტექნიკასა და ხელყუმბარებს იყენებდა.

ცნობისთვის, საპროტესტო აქციები სერბეთში 2024 წლის დეკემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც სერბეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ნოვი სადში, რკინიგზის სადგურში თაღის ჩამონგრევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა. მოქალაქეები ტრაგედიის გამომწვევ მიზეზად ქვეყანაში კორუფციასა და ნეპოტიზმს ასახელებდნენ და ქვეყნის ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდნენ. საპროტესტო გამოსვლებს რამდენიმე მაღალჩინოსნის გადადგომა მოჰყვა, მათ შორის იყო მშენებლობის მინისტრიც, საბოლოოდ კი ვადამდელი არჩევნები დაინიშნა.

მსგავსი