დიდთოვლობის გამო ჩინეთის დედაქალაქსა და გარეუბნებში ხელისუფლებამ რამდენიმე საავტომობილო გზაზე მოძრაობა აკრძალა
ჩინეთის დედაქალაქში დიდთოვლობის გამო რამდენიმე საავტომობილო გზა დაიკეტა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
კერძოდ, ჩინეთის დედაქალაქ პეკინსა და გარეუბნებში სულ რვა გზატკეცილზეა გადაადგილება შეჩერებული. ზოგიერთ რეგიონში 4,1 სანტიმეტრამდე თოვლი მოვიდა.
„რეკომენდებულია, მცხოვრებლებმა თავი შეიკავონ მგზავრობისგან, ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მართონ მანქანები ნელა და ყურადღება მიაქციონ უსაფრთხოებას“, – აღნიშნულია ხელისუფლების განცხადებაში.
ჩინეთის ეროვნული მეტეოროლოგიური ცენტრის ცნობით, ჩინეთის სამხრეთით მდებარე ზოგიერთ რაიონში ტემპერატურა კიდევ 20 გრადუსით დაიკლებს. მათივე თქმით, ჩინეთში უამინდობა 26 თებერვლამდე გაგრძელდება.