მედიის ცნობით, ჩინეთში კოვიდშეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები გრძელდება
ჩინეთში კოვიდშეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები, ურუმჩის შემდეგ, სხვა ქალაქებშიც იმართება. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, შანხაიში ათასობით ადამიანი გავიდა ქუჩაში შეზღუდვების გასაპროტესტებლად და ურუმჩიში ხანძრის შედეგად დაღუპულებს პატივი მიაგო.
საპროტესტო აქციის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა სოციალურ ქსელებში ვრცელდება. დემონსტრაციაზე ისმის შეძახილები ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის გადადგომის მოთხოვნით.
სოციალურ ქსელებში ასევე ვრცელდება ჩინეთის რამდენიმე უნივერსიტეტში სტუდენტების პროტესტის შესახებ ცნობები.
25 ნოემბერს სინძიანის რეგიონის ცენტრში, ქალაქ ურუმჩიში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ათი ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივების ნაწილი მსხვერპლს ქალაქში მოქმედ ლოკდაუნს უკავშირებს, რის გამოც, მათი თქმით, კორპუსის მცხოვრებლებმა შენობის დროულად დატოვება ვერ შეძლეს, რადგან გასასვლელი ნაწილობრივ ბლოკირებული იყო. ჩინეთის ხელისუფლება ბრალდებას უარყოფს, თუმცა ურუმჩის ადგილობრივმა მთავრობამ ბოდიში მოიხადა და პირობა დადო, რომ პასუხისმგებელი პირები დაისჯებოდნენ.
ჩინეთის ხელისუფლებამ სინძიანის რეგიონში ყველაზე მკაცრი კარანტინი დააწესა. ურუმჩიში, რომლის მოსახლეობა ოთხ მილიონ ადამიანს შეადგენს, ლოკდაუნი უკვე 100 დღეა, გრძელდება. მოქალაქეებს სახლებიდან გასვლა ეკრძალებათ. ქალაქში ბოლო დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 100 შემთხვევა გამოვლინდა.