მედიის ცნობით, ჩინეთმა ავსტრალიასთან სტრატეგიული ეკონომიკური დიალოგი გაურკვეველი ვადით შეაჩერა
მედიის ცნობით, ჩინეთმა ავსტრალიასთან სტრატეგიული ეკონომიკური დიალოგი გაურკვეველი ვადით შეაჩერა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ჩინეთის სამთავრობო კომისიის განცხადებით, ავსტრალიის ზოგიერთმა სამთავრობო პირმა ჩინეთსა და ავსტრალიას შორის ნორმალური თანამშრომლობის გაწყვეტისთვის რიგი ღონისძიებები გაატარეს, რაც ცივი ომის დროინდელი აზროვნება და იდეოლოგიურ დისკრიმინაციაა.
ავსტრალიის ვაჭრობის მინისტრმა, ჩინეთის გადაწყვეტილებას სამწუხარო უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ ავსტრალია ღიაა დიალოგისთვის.
ავსტრალია-ჩინეთის ურთიერთობების ინსტიტუტის დირექტორის, ჯეიმს ლაურენსესონის თქმით, ჩინეთის გადაწყვეტილება ვიქტორიის შტატში ჩინეთის ინიციატივის „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ფარგლებში ორი პროექტის გაუქმებაზე საპასუხო რეაქციაა.
უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთმა უკვე შეწყვიტა ორ ქვეყანას შორის კომუნიკაცია მინისტრთა დონეზე. დიპლომატიური დაძაბულობის გამო, ჩინური ინვესტიციების რაოდენობა ავსტარალიაში უკვე 61 პროცენტით შემცირდა. ქვეყნებს შორის ურთიერთობა 2018 წლის შემდეგ დაიძაბა, როდესაც ავსტრალიამ Huawei-ს 5G ქსელის მშენებლობა აკრძალა. ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა ავსტრალიის მხრიდან კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიების დაწყების მოთხოვნის შემდეგ. საპასუხოდ ჩინეთმა რიგ ავსტრალიურ პროდუქციაზე სანქციები დააწესა.