მედიის ცნობით, ჩინეთის ჩართულობით, ირანი და საუდის არაბეთი დიპლომატიური განხეთქილების დასრულებასა და საელჩოების გახსნაზე შეთანხმდნენ
ჩინეთის შუამავლობით, ირანისა და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დიპლომატიური ურთიერთობები განიხილეს. ეს არის ორი ქვეყნის მინისტრების პირველი შეხვედრა ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ირანსა და საუდის არაბეთს შორის კონფლიქტურმა ურთიერთობამ ახლო აღმოსავლეთში არაერთი კონფლიქტი გაამწვავა. როგორც „როიტერი“ წერს, ჩინეთის დიპლომატიური ჩართულობით, ირანი და საუდის არაბეთი დიპლომატიური განხეთქილების დასრულებასა და საელჩოების გახსნაზე შეთანხმდნენ.
დასავლური მედიის შეფასებით, დაპირისპირებული მხარეების მოულოდნელი შერიგება რეგიონში ჩინეთის მზარდ გავლენაზე მიუთითებს.
საუდის არაბეთმა ირანთან ურთიერთობა 2016 წელს მას შემდეგ გაწყვიტა, რაც თეირანში, საუდის არაბეთის საელჩოში მოქალაქეები შეიჭრნენ. საელჩოზე თავდასხმის მიზეზი საუდის არაბეთში შიიტი მუსლიმი სასულიერო პირის სიკვდილით დასჯა გახდა. ურთიერთობა გაუარესდა ერთი წლით ადრე, მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ჩაერივნენ იემენის ომში, სადაც ირანთან დაკავშირებულმა ჰუსიტების მოძრაობამ ჩამოაგდო საუდის არაბეთის მხარდაჭერილი მთავრობა და დედაქალაქი სანა აიღო.