მედიის ცნობით, ბელგიის პრემიერმა მეფე ფილიპეს მთავრობის გადადგომა შესთავაზა, თუმცა მეფეს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ბარტ დე ვევერმა მეფე ფილიპეს თავისი მთავრობის გადადგომა შესთავაზა, თუმცა მეფეს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, — ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს.
მედიის ინფორმაციით, სასახლეში დე ვევერი დაახლოებით საათ-ნახევარი იმყოფებოდა, გამოსვლისას კი ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
შეხვედრის შემდეგ მეფემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას განიხილავს და ხვალიდან მმართველი კოალიციის პარტიების ლიდერებს გაესაუბრება. დე ვევერს ის 6 ნოემბერს კვლავ მიიღებს.
მეფე ფილიპემ პარტიებს მოუწოდა, საერთო ინტერესი და კომპრომისის სურვილი პირველ ადგილზე დააყენონ.
ცნობისთვის, მანამდე დე ვევერისა და მისი მთავრობის მინისტრების მოლაპარაკებები ბიუჯეტზე შეთანხმების გარეშე დასრულდა. საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ პრევომ აღნიშნა, რომ სადავო საკითხი ძალიან ბევრი იყო. კოალიცია ხუთი პარტიისგან შედგება: დე ვევერის კონსერვატიული პარტია, ლიბერალები, ცენტრისტები, სოციალისტები და ქრისტიან-დემოკრატები.
მედიის ცნობით, კამათი ორ ბანაკს შორის მიმდინარეობს. კონსერვატორები და ლიბერალები ხარჯების შემცირებას ითხოვენ. ცენტრისტები, სოციალისტები და ქრისტიან-დემოკრატები კი ამბობენ, რომ ბიუჯეტში ერთიდან 1,5 მილიარდ ევრომდე დამატებითი თანხა მაღალშემოსავლიანი მოქალაქეების დაბეგვრით უნდა შევიდეს.
ევროკავშირის მიერ დაწესებული საბიუჯეტო შეზღუდვების დასაკმაყოფილებლად მთავრობამ ათი მილიარდი ევრო უნდა დაზოგოს. გასულ წელს ბელგიის ბიუჯეტის დეფიციტმა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ხუთი პროცენტი შეადგინა, მაშინ როდესაც, ევროპული წესებით, დასაშვები მაქსიმალური მაჩვენებელი სამი პროცენტია. ბელგიის სახელმწიფო ვალი 735 მილიარდ ევროს აღემატება, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 110 პროცენტზე მეტია. ევროკავშირის წესებით კი, სახელმწიფო ვალის დასაშვები ზღვარი მშპ-ის 60 პროცენტია.
შეთანხმების მიუღწევლობის გამო სახელმწიფო ობლიგაციებზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბელგიას საკუთარი ვალის მომსახურებისთვის უფრო მეტი თანხის გადახდა უწევს.
მეფე მთავრობის გადადგომის წინადადებას თუ მიიღებს, ქვეყანაში ახალი არჩევნები დაინიშნება. თუმცა მეფეს ასევე შეუძლია, უარი თქვას გადადგომის წინადადების მიღებაზე ან გადადგომის საკითხზე გადაწყვეტილება დროებით გადადოს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კოალიცია ბიუჯეტზე ვერ შეთანხმდა. გასულ წელს, 2025 წლის ნოემბრის დასაწყისში დე ვევერმა მეფეს ვადის გაგრძელება სთხოვა და შეთანხმებისთვის დამატებითი 50 დღე მიიღო.