მედიის ცნობით, აზერბაიჯანის არმიის დანაყოფები ლაჩინის რაიონში შევიდნენ
აზერბაიჯანის არმიის დანაყოფები ლაჩინის რაიონში შევიდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
აზერბაიჯანული მედია წერს, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, ლაჩინის რაიონი 28 წლის შემდეგ აზერბაიჯანს დაუბრუნდა. ლაჩინის რაიონის აზერბაიჯანისთვის გადაცემა რუსეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე მოხდა. ბაქოში აცხადებენ, რომ ლაჩინის რაიონის ოკუპაციამ 7 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალი გამოიწვია.
მთიან ყარაბაღში ვითარება 27 სექტემბერს გამწვავდა. 44 დღიანი კონფლიქტის შემდეგ, აზერბაიჯანმა რამდენიმე ქალაქი და დასახლებული პუნქტი დაიკავა. 10 ნოემბერს კი მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება იქნა მიღწეული, რაც სომხეთს მთიანი ყარაბაღის დიდი ნაწილიდან გასვლას ავალდებულებს.