მედიის ცნობით, საზღვაო გემ „დეფენდერის“ შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო დოკუმენტები ავტობუსის გაჩერებაზე იპოვეს
მედიის ცნობით, საზღვაო გემ „დეფენდერის“ შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო დოკუმენტები ავტობუსის გაჩერებაზე იპოვეს

ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტის საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც ბრიტანული საზღვაო გემის „დეფენდერის“ და ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ინფორმაციას შეიცავდა, ინგლისის კენტის საგრაფოში ავტობუსის გაჩერებაზე იპოვეს.

ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, დოკუმენტების ერთ პაკეტში, სევასტოპოლის რეგიონში, ყირიმის სანაპირო წყლებში „დეფენდერის“ გასვლასთან დაკავშირებით, რუსეთის სავარაუდო რეაქციაა განხილული. როგორც „ბიბისი“ წერს, რუსეთი იმ ადგილს, სადაც „დეფენდერმა“ გაიარა, თავის ტერიტორიულ წყლებად მიიჩნევს, რასაც არ ცნობენ მსოფლიოს უმეტესი სახელმწიფოები, მათ შორის დიდი ბრიტანეთი, რომელიც ამ ადგილს უკრაინის ტერიტორიად მიიჩნევს.

„ბიბისის“ ინფორმაციით, დოკუმენტის მეორე ნაწილში, ნატო-ს ჯარების გასვლის შემდეგ, ავღანეთში დიდი ბრიტანეთის შესაძლო სამხედრო ყოფნაა განხილული.

ამასთან, მედიის განმარტებით, „დეფენდერთან“ დაკავშირებული დოკუმენტი აჩვენებს, რომ მისია, რომელსაც თავდაცვის სამინისტრომ „უკრაინის ტერიტორიულ წყლებში მშვიდობიანი გასვლა“ უწოდა, რუსეთის მხრიდან აგრესიული რეაგირების მოლოდინით განხორციელდა.

ინციდენტი საზღვაო ხომალდ „დეფენდერთან“ დაკავშირებით 23 ივნისს მოხდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბრიტანული სამხედრო გემის წინააღმდეგ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს, თუმცა ბრიტანეთის მთავრობამ უარყო რუსეთის სამინისტროს განცხადება.

მედიის ცნობით, როგორც ნაპოვნი დოკუმენტებიდან ჩანს, „დეფენდერის“ მონაწილეობით დაგეგმილი ოპერაცია, სახელად „Op Ditroite“, უმაღლეს დონეზე განიხილებოდა ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში. ნაპოვნი დოკუმეტის ერთ-ერთ პრეზენტაციაში აღინიშნულია, რომ რუს სამხედროებს თავდაცვითი ტაქტიკიდან აქტიურ მოქმედებებზე გადასვლა შეუძლიათ.

დოკუმენტის მიხედვით, გენერალურმა შტაბმა „დეფენდერის“ ორი შესაძლო მარშრუტი და რუსეთის რეაგირების სამი შესაძლო ვარიანტი განიხილა. საბოლოოდ თავდაცვის უწყებამ აირჩია კურსი, რომელიც აღწერილი იყო როგორც „უსაფრთხო და პროფესიონალური პირდაპირი მარშრუტი ოდესიდან ბათუმისკენ“. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ეს ვარიანტი ყირიმის უკრაინის ტერიტორიად აღიარების დემონსტრირება იყო.

დოკუმენტი, რომელიც საერთო ჯამში 50 გვერდიანია, შავი ზღვის ინციდენტის წინა დღეს იქნა ნაპოვნი. მამაკაცი, რომელმაც დოკუმენტი იპოვა, „ბიბისის“ დაუკავშირდა, როდესაც ნაპოვნი ნაშრომების შინაარსის დელიკატურ ხასიათს მიხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ერთ-ერთმა თანამშრომელმა, კონფიდენციალური დოკუმენტების დაკარგვის შესახებ განაცხადა, თუმცა აღნიშნულის შესახებ სამინისტროში კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მთავრობის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.