მედიის ცნობით, ათობით უკრაინულ სატვირთოს უკრაინისა და დასავლეთის სანქციების გვერდის ავლით ყოველდღიურად გადააქვს რუსული საწვავი ლატვიის დედაქალაქიდან უკრაინაში
ათობით უკრაინულ სატვირთოს უკრაინისა და დასავლეთის სანქციების გვერდის ავლით ყოველდღიურად გადააქვს რუსული საწვავი ლატვიის დედაქალაქიდან უკრაინაში, – ამის შესახებ ლატვიური ტელეარხი TV3 იუწყება.
ჟურნალისტური გამოძიების ავტორთა მტკიცებით, 5 თებერვალს, მაშინ, როდესაც ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობპროდუქტების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება ამოქმედდა, რიგის პორტში სანკტ პეტერბურგიდან სამი ტანკერი შევიდა, მათ შორის ორი რუსული სახელმწიფო კომპანია „სოვკომფლოტის“ კუთვნილება იყო.
ჟურნალისტების ინფორმაციით, ამ ტანკერებზე არსებული ტვირთის საერთო ღირებულებამ, შესაძლოა, 100 მილიონ ევროს გადააჭარბოს. ამავე პერიოდში ჟურნალისტებმა პორტში დააფიქსირეს უკრაინული ბენზინმზიდი სატვირთოები, რომლებსაც რიგის პორტში გაჩერებული ტანკერებიდან ნავთობი უკრაინაში გადაჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში რუსული ნავთობპროდუქტები შეტანა, უკვე წელიწადზე მეტია, აკრძალულია, სავარაუდოდ, ის მაინც ხვდება უკრაინაში. ამისთვის კი, ჟურნალისტების თქმით, მათი ტრანსპორტირება ყალბი სერთიფიკატებით ხდება.
ჟურნალისტური გამოძიების ავტორები აცხადებენ, რომ მათ მიერ გასაჯაროებული ფაქტების შესახებ გამოძიება ჯერაც არ დაწყებულა.