მედიის ცნობით, აშშ რუსეთში განთავსებულ საკუთარ დიპლომატიურ მისიებში ვიზების გაცემას შეწყვეტს
მედიის ცნობით, აშშ რუსეთში განთავსებულ საკუთარ დიპლომატიურ მისიებში ვიზების გაცემას შეწყვეტს

აშშ რუსეთში განთავსებულ საკუთარ დიპლომატიურ მისიებში ვიზების გაცემას შეწყვეტს.

ინფორმაცია სააგენტო „დოიჩე ველეზე“ ვრცელდება.

რუსეთის ფედერაციაში აშშ-ის ელჩის, ჯონ სალივანის განცხადებით, პირველი აგვისტოდან აშშ-ის დიპლომატიური მისიები შეწყვეტენ საკონსულო მომსახურებების გაწევას, მათ შორის ვიზების გაცემას.

მისი თქმით, პირველი აგვისტოდან რუსეთში განთავსებულ მისიებში შეზღუდული რაოდენობის პერსონალი იმუშავებს, რის გამოც საკონსულო მომსახურების გაწევა ვერ განხორციელდება.

დიპლომატის განმარტებით, საკონსულო მომსახურებაზე უარის თქმა თავის შედეგებს მოიტანს არა მარტო ოჯახებისთვის, არამედ ამერიკული და რუსული ბიზნესისთვისაც კომერციული ზიანის მომტანი იქნება.

კრემლის განცხადებით, პერსონალის რაოდენობის შემცირება გამოწვეულია რუსეთის მიერ შეერთებული შტატების „არამეგობრული“ უცხო ქვეყნების სიაში შეტანით. 23 აპრილს რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, „არამეგობრული“ სახელმწიფოების დიპლომატიურ მისიებს, რუსეთის ტერიტორიაზე რუსი და მესამე ქვეყნის მოქალაქეების დაქირავება შეეზღუდათ.

აშშ-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები მას შემდეგ გართულდა, რაც აპრილის შუა რიცხვებში ჯო ბაიდენის ადმინისტრციამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დააწესა. სანქციების ქვეშ 16 ორგანიზაცია და 16 ფიზიკური პირი მოხვდა. თავის მხრივ, რუსეთის ხელისუფლებამ ათი ამერიკელი დიპლომატი გააძევა ქვეყნიდან. შედეგად, ორივე ქვეყნამ საკუთარი ელჩების გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.

ელჩების დაბრუნება, 16 ივნისს, პუტინ-ბაიდენს შორის ჟენევაში გამართულ სამიტზე გადაწყდა.