მედიის ცნობით, აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტის პირველი პარტია უკრაინამ უკვე მიიღო, თუმცა დიდი ნაწილი უკრაინაში ზაფხულამდე ვერ ჩავა
აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტის პირველი პარტია უკრაინამ უკვე მიიღო, თუმცა დიდი ნაწილი უკრაინაში ზაფხულამდე ვერ ჩავა. ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.
როგორც ირკვევა, უკრაინამ 28 აპრილს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, ჭურვები და 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები უკვე მიიღო შეერთებული შტატებისგან. დახმარების მეორე პარტია კი 29 აპრილს ჩავიდა უკრაინაში.
ამერიკელი მაღალჩინოსანი „ნიუ იორკ თაიმსთან“ აცხადებს, რომ აშშ-გან გაგზავნილი იარაღის უმეტესი ნაწილი და ზოგიერთი საბრძოლო მასალაც კი უკრაინაში ზაფხულის შუა რიცხვებამდე ვერ ჩავა და, შესაძლოა, ამ თარიღმა კიდევ უფრო გადაიწიოს.
როგორც გამოცემა წერს, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სამხედრო დახმარების დარჩენილი ნაწილი უფრო გვიან ჩავა უკრაინაში, არის ლოგისტიკა. „ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, სამხედრო ტექნიკის ზომის გამო მათი გადატანა ხშირად რამდენიმე სახის ტრანსპორტითა და უსაფრთხოების მკაცრ პირობებში ხდება.