მედიის ცნობით, ალექსანდრ ლუკაშენკო მიგრანტების კრიზისთან დაკავშირებით ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე თანხმობას აცხადებს
მედიის ცნობით, ალექსანდრ ლუკაშენკო მიგრანტების კრიზისთან დაკავშირებით ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე თანხმობას აცხადებს

ალექსანდრ ლუკაშენკო მიგრანტების კრიზისთან დაკავშირებით ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე თანხმობას აცხადებს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გასულ დღეს ანგელა მერკელსა და ალექსანდრ ლუკაშენკოს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ, ბელარუსის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ თანახმა არიან საზღვარზე არსებულ მიგრანტთა კრიზისთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ევროკავშირ-ბელარუსის დონეზე დაიწყოს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საზღვარზე არსებული ვითარება ბელარუსისა და ევროკავშირის წარმომადგენლებს შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებებით უნდა გადაწყდეს.

ანგელა მერკელის პრესმდივნის, განცხადებით გერმანიის მოქმედმა კანცლერმა ხაზი გაუსვა გაერო-სა და ევროკავშირის მიერ დაზარალებულებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფის და რეპატრიაციის საჭიროებას.

პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე ვითარება რამდენიმე თვეა დაძაბულია. საზღვარზე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ჩამოსული ათასობით არალეგალი მიგრანტია განთავსებული, რომლებიც ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლას ცდილობენ. ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლებას მიგრანტების გამოყენებით „ჰიბრიდულ თავდასხმაში“ სდებს ბრალს. არსებული ვითარების გამო, რამდენიმე დღის წინ ევროკავშირში ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტის ამოქმედების შესახებ შეთანხმდნენ.