მედიაწიგნიერების საერთაშორისო ექსპერტი რენე ჰობსი - საქართველომ მედიაწიგნიერების კუთხით წინ წაიწია
მედიაწიგნიერების საერთაშორისო ექსპერტმა და ამერიკელმა პროფესორმა ,რენე ჰობსმა მედიაწიგნიერების კუთხით საქართველოში განხორციელებული საქმიანობა წარმატებულად შეაფასა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
კომუნიკაციების კომისიის ცნობით, მედიაწიგნიერების საჭიროების შესახებ ექსპერტმა „42° პარალელისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დეტალურად ისაუბრა, ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით ბავშვების, მშობლებისა და მასწავლებლებისთვის არსებულ გამოწვევებზე.
როგორც რენე ჰობსმა აღნიშნა, საქართველომ წინ წაიწია მედიაწიგნიერების კუთხით.
პროფესორმა მოზარდებისა და მთლიანად საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის მედიის როლზე, გავლენაზე ისაუბრა და გამოწვევებთან გასამკლავებლად მედიაწიგნიერების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„მედიაწიგნიერება მეტია, ვიდრე ცრუ ინფორმაციის პრობლემის შესწავლა. მედია ჩვენი ცხოვრების ყველა ნაწილზე მოქმედებს. როგორც მშობელი, როცა ბავშვს ვზრდით, მედია ძალიან ეფექტური ძიძაა. მიეცი ბავშვს ტაბლეტი (პლანშეტი) და თავისუფალი ხარ, შეგიძლია, საათობით მიატოვო, მაგრამ მედიის გამოყენებით ბავშვების აღზრდას თან ახლავს უამრავი პრობლემა. უნდა ვაღიაროთ, რომ ამას უკავშირდება ბავშვებში ყურადღების კონცენტრაციის პრობლემა, თვითშეფასებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული პრობლემები. რა თქმა უნდა, პრობლემურია სოციალური კავშირებიც, უნარი, შეიძინონ მეგობრები. მაგალითად, 15 წლის ბიჭი, რომელსაც მხოლოდ ვიდეოთამაშების მეშვეობით აქვს სხვა ბავშვებთან კონტაქტი, ადამიანის განვითარების ჯანმრთელი გზა არ არის. მშობლები და მასწავლებლები აღიარებენ, რომ მედია ბევრ სარგებელს გვთავაზობს, რომ ბავშვს ეფექტურ კომუნიკატორად ჩამოყალიბებაში დაეხმაროს, თუმცა არის ზიანიც“, – განაცხადა რენე ჰობსმა.
პროფესორმა ასევე ყურადღება გაამახვილა მედიაწიგნიერების უნარების ფართო საზოგადოებამდე მიტანის აუცილებლობასა და მედიაწიგნიერების განათლების სისტემაში ინტეგრირების მნიშვნელობაზე.
„ჩვენ პირდაპირ იმ მიდგომას აღვწერთ, რომელიც აკადემიური კულტურიდან მომდინარეობს, რადგან დავდიოდით უნივერსიტეტში, კოლეჯში და გვასწავლიდნენ, რომ ინფორმაციას იერარქია აქვს. სულ ზემოთ იყო ლიტერატურა და სადღაც ძირში – მედია. ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც ახლა საგანმანათლებლო ინსტიტუტებს მართავს, ქედმაღლური შეხედულება აქვს მასობრივ ინფორმაციაზე, რაც საშუალებას აძლევს, არ მიაქციონ ყურადღება ინფლუენსერებს „იუთუბიდან“, არც პოპულარული დოკუმენტური ფილმების შემქმნელებს, არც ბლოგერებს. ეს საერთოდ არ არის კრიტიკული აზროვნება, ეს ძალიან ზედაპირული დამოკიდებულებაა. სწავლებისადმი ჩვენი მიდგომის ძირითადი ნაწილი სწორედ ამ ქედმაღლური შეხედულების დაძლევაა. ადამიანებმა ხარისხი ხის სხვადასხვა შტოდ უნდა განიხილონ: შეიძლება, იყოს ხარისხიანი კომიქსი, ხარისხიანი მიმი, ხარისხიანი „პოდკასტი“ და როდესაც ვიცვლით შეხედულებას ხარისხიან მედიასთან დაკავშირებით, ეს სწავლასთან დაკავშირებით ხსნის გაცილებით მეტ შესაძლებლობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სკოლაში სწავლა მხოლოდ პაწაწინა სეგმენტია და მედიაწიგნიერების უნარები მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა ისწავლო“, – განაცხადა მედიაწიგნიერების ექსპერტმა.
„ციფრული და მედიაწიგნიერების განათლების სფეროს წამყვანი საერთაშორისო ექსპერტი, მედიაგანათლების ლაბის დამფუძნებელი და მედიის კვლევების, განათლების დარგში 12 წიგნის ავტორი, ამერიკელი პროფესორი რენე ჰობსი საქართველოში კომუნიკაციების კომისიამ, მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, სპეციალური მოწვევით ჩამოიყვანა. ვიზიტის ფარგლებში ექსპერტმა ქართველ სტუდენტებთან საჯარო ლექცია ჩაატარა, სადაც მედიაწიგნიერები როლზე, პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში დემოკრატიული საზოგადოებისთვის მედიაწიგნიერების მნიშვნელობასა და მსოფლიო მასშტაბით მედიაწიგნიერების სწავლების არსებულ ტენდენციებზე ისაუბრა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.