იუსტიციის სამინისტრო მედიაციის ინსტიტუტის შექმნასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
სამოქალაქო დავების ხანგრძლივი და ძვირადღირებული სასამართლო პროცესის გარეშე, ურთიერთშეთანხმებით, სწრაფად და ეფექტიანად მოსაგვარებლად მედიაციის ინსტიტუტის განვითარებისთვის მყარი საკანონმდებლო ჩარჩო იქმნება.
იუსტიციის სამინისტროში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები მთავრობას დღეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარუდგინა.
თეა წულუკიანის განცხადებით, მედიაციის წახალისებისა და მისთვის პირობების შექმნისათვის კანონპროექტი განსაზღვრავს მედიაციის წარმოების ზოგად პრინციპებს, მისი დაწყების, წარმართვისა და დასრულების წესებს, მედიატორთა პროფესიული გაერთიანების ორგანიზებისა და საქმიანობის წესს, მედიატორის უფლებამოსილებებსა და მედიაციის პროცესთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
„საქართველოს მთავრობას აქვს გეგმა, უახლოეს მომავალში საქართველო ჩამოყალიბდეს რეგიონის ბიზნეს და საარბიტრაჟო ჰაბად. მისი მიზანია საქართველოს, როგორც ნეიტრალური, გამჭვირვალე, ბიზნესზე მორგებული და სტაბილური ბიზნესცენტრის, იმიჯის განმტკიცება რეგიონში. საქართველოში მარტივია შემოსვლა, დაფუძნება და საქმიანობა. მსოფლიო ბანკის შეფასებით, წელს საქართველომ ბიზნესის დაფუძნების თვალსაზრისით რეიტინგში − მე-2, ხოლო ბიზნესის განხორციელების სიმარტივის მხრივ მე-6 ადგილი მოიპოვა.
უკანასკნელ წლებში ბევრი რამ გაკეთდა საქართველოში არბიტრაჟის განვითარებისთვის: კანონმდებლობა სრულად შესაბამისობაში მოვიდა „უნსიტრალის“ (UNCITRAL) მოდელურ კანონსა და საუკეთესო საერთაშორისო და დასავლურ პრაქტიკასთან; 2018 წლის 20 დეკემბერს იუსტიციის სამინისტრომ საერთაშორისო კომერციული პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთან ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს. მემორანდუმის მიხედვით, მხარეები შეისწავლიან დავების გადაწყვეტის ბაზარს რეგიონში და მიმართავენ ერთობლივ ძალისხმევას, რათა ხელი შეუწყონ საქართველოს, როგორც საერთაშორისო არბიტრაჟის, რეგიონული ჰაბის განვითარებას.
მედიაცია სამოქალაქო დავების გადაწყვეტის ალტერნატიული გზაა, რომელიც საშუალებას იძლევა, მოქალაქეებმა სწრაფად და მცირე ფინანსური დანახარჯით აღიდგინონ დარღვეული უფლებები. მისი დანერგვა ხელს უწყობს სასამართლოს განტვირთვას განსახილველი დავებისაგან. სასამართლოების გადატვირთულობა ხშირად ხდება საქმეთა განხილვის გაჭიანურების მიზეზი, რაც საფრთხეს უქმნის სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას.
მედიაციის განვითარება ხელს შეუწყობს სწრაფ და ეფექტიან მართლმსაჯულებას, მნიშვნელოვნად განტვირთავს რაიონულ (საქალაქო) თუ სააპელაციო სასამართლოებს და დაზოგავს სახელმწიფოს სახსრებს, რომლებიც საჭიროა როგორც მოსამართლეთა კორპუსის გასაზრდელად, ისე ყოველი სასამართლო პროცესის სრულად ჩასატარებლად.
მედიაცია ბიზნესისთვის, ასევე, ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო დავების გადაჭრისთვის ალტერნატიული კი არა, ბუნებრივი და უფრო მოხერხებული გზაა. მისი მიზანი ორივე მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებაა მოკლე დროში ნაკლები ფინანსური დანახარჯით. ამ მიზნით უნდა გაფართოვდეს მედიაციას დაქვემდებარებული დავების ჩამონათვალი და მას დაემატოს საბანკო დაწესებულებებთან დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავები და რამდენიმე სხვა.
მედიაციის უპირატესობა საყოფაცხოვრებო დავებთან მიმართებით დაადასტურა მიწის რეგისტრაციის რეფორმის შედეგებმა. იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ქონების რეგისტრაციის მსურველები სადავო მიწის ნაკვეთების შემთხვევაში. სრულიად უსასყიდლოდ სარგებლობდნენ სანოტარო მედიაციით.
სასამართლოში საქმის ხანგრძლივი განხილვის ნაცვლად, მედიატორი ნოტარიუსი მათ შეთანხმების მიღწევაში ეხმარებოდა. შედეგად, მიწის რეგისტრაციის ფარგლებში 1542 სანოტარო მედიაცია წარმატებით დასრულდა. 1542 შემთხვევაში მხარეებმა სანოტარო მედიაციის ფარგლებში მიაღწიეს შეთანხმებას სასამართლო განხილვის, დროისა და ფინანსური რესურსების ხარჯვის გარეშე. ეს მონაცემი ადასტურებს, რომ მედიაციას, როგორც პრობლემების გადაჭრის უფრო ბუნებრივ ფორმას, ბიზნეს- და საყოფაცხოვრებო დავების პირობებში ალტერნატივა არ აქვს.
მიუხედავად დავების მედიაციის გზით მოგვარების უპირატესობებისა, არსებობს ობიექტური მიზეზები, რაც ხელს უშლის მედიაციის ინსტიტუტის განვითარებას საქართველოში, კერძოდ:
მედიაციის შესახებ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობა;
მედიაციის არაპოპულარობა და მის მიმართ უნდობლობა, რაც შესაძლოა, ამ სფეროს ინსტიტუციონალიზაციის დაბალი დონითაც იყოს განპირობებული; მედიაციის ინტიტუტის შესახებ ცნობადობის დაბალი დონე და ცნობიერების ამაღლების კამპანიის უქონლობა;
მედიატორთა კადრების ნაკლებობა − სერტიფიცირებული მედიატორების სიმცირე; სერტიფიცირების სტანდარტისა და განგრძობადი განათლების არარსებობა;
მედიაციის უპირატესობის განმსაზღვრელი საკანონმდებლო გარანტიების არარსებობა (კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა და ინფორმაციის სასამართლოში მტკიცებულებად გამოყენების დაუშვებლობა; სასურველი შედეგის მიღწევის შესაძლებლობა სასამართლო პროცესთან შედარებით მცირე დროში მცირე დანახარჯებით; სარჩელის აღძვრამდე სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა და სხვ.);
მედიატორთა ეთიკის სტანდარტის არარსებობა; მედიატორთა პასუხისმგებლობის სტანდარტისა და სანქციების გამართული სისტემის არარსებობა. მედიაციის შესახებ ახალი კანონი სწორედ ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად შემუშავდა. კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები
აფუძნებს მედიატორთა თვითრეგულირების ორგანოს და ქმნის მედიაციის განვითარებისათვის მყარ ინსტიტუციურ საფუძველს;
სამართლებრივ საფუძველს შეუქმნის მედიატორის პროფესიის განვითარებას და მედიაციის, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული საშუალების, თვითდამკვიდრებას;
დაადგენს სავალდებულო მოთხოვნებს მედიატორობის კანდიდატის მიმართ;
განსაზღვრავს მედიაციის პროცედურებს (პროცესის დაწყება, მედიატორის შერჩევა, ინტერესთა კონფლიქტი და მედიატორის აცილების საკითხი, სამედიაციო მორიგების აღსრულება და სხვ.);
განსაზღვრავს მედიატორთა მიერ ეთიკის დაცვის ვალდებულებას და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზოგად პრინციპებს.
ცვლილებათა პაკეტი მომზადდა „საქართველოს საპროცესო კოდექსშიც“. მისი მიზანი სასამართლოს როლის გაძლიერებაა მედიაციის პოპულარიზაციის საქმეში. შემოთავაზებული ცვლილებებით, იმ შემთხვევაში, თუკი მხარეები უარს ამბობენ მედიაციაზე და საქმის სასამართლო გადაწყვეტაზე აკეთებენ არჩევანს, მოსამართლეს შეუძლია, გამოარკვიოს მედიაციაზე უარის თქმის მიზეზები და განუმარტოს მათ მედიაციის დადებითი ასპექტები, უპირატესობები, მედიაციის წარმატებით დასრულების სამართლებრივი შედეგები და მისი აღსრულების მექანიზმები.
გაფართოვდება მედიაციას დაქვემდებარებული დავების ჩამონათვალი და მას დაემატება, სხვებს შორის, შრომითსამართლებრივი დავები; საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანოებისა და არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებების მიერ დადებული სესხის, მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული სესხის, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავები, ასევე, ქონებრივი დავები განსაზღვრული ღირებულების ფარგლებში და რამდენიმე სხვა.
საკანონმდებლო ცვლილებებზე იუსტიციის სამინისტრომ ევროკავშირის პროექტისა (EU4justice) და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, USAID/PROLOG-ისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ჩართულობით და ფინანსური მხარდაჭერით იმუშავა. ცვლილებათა პაკეტი კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო უწყებებს, ქვეყანაში მოქმედ მედიატორთა ასოციაციებს, ამ სფეროში მომუშავე სხვა ინსტიტუტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის მიღწეული ფართო კონსენსუსის შედეგია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.