პარლამენტის ბიუროზე „მედიაციის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება მოხდება
პარლამენტის ბიუროზე „მედიაციის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება მოხდება

საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე „მედიაციის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება მოხდება, რომლის გათვალისწინებით, საქართველოში შესაძლოა, დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება – მედიაციის ინსტიტუტი ამოქმედდეს. ცვლილებების ავტორი საქართველოს იუსტიციის სამინისტროა.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ცვლილებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე სასამართლოს როლის გაზრდაა მედიაციის პოპულარიზაციის პროცესში. ცვლილებებით სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებული დავების ჩამონათვალი ფართოვდება და მას შემდეგი სახის დავები ემატება: შრომით-სამართლებრივი დავები,
საზიარო უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავები, ქონებრივი დავები, თუ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 20000 ლარს; ასევე, საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანოებისა და არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებების მიერ დადებული სესხის, მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავები, თუ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 10000 ლარს; ასევე არაქონებრივი დავები.

ინიციატივაში ნათქვამია, რომ სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებული დავების არსებობისას მოსამართლე საქმის გარემოებებს თავიდანვე შეაფასებს და მხარეთა თანხმობის გარეშე, დავის მედიატორისათვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„საერთო სასამართლოებში ბოლო წლებში არსებული მდგომარეობა ცხადყოფს, რომ მოქალაქეთა უმრავლესობა ცდილობს, სამოქალაქო/სამეწარმეო კანონმდებლობიდან გამომდინარე ნებისმიერი სადავო საკითხი სასამართლოსთვის მიმართვის გზით გადაწყვიტოს, რის შედეგადაც სასამართლო სისტემა გადატვირთულია. ეს კი, თავის მხრივ, სისტემის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს. გადატვირთულობის გამო საქმის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში დასრულება, პრაქტიკულად, ვერ ხერხდება, საქმეთა განხილვა ჭიანურდება, მოსამართლეთა დატვირთულობა მკვეთრად იზრდება და საფრთხე ექმნება მხარეთა უფლებების დაცვასა და სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. სასამართლოს განტვირთვის ერთ-ერთ ეფექტიან გზად მედიაციის ინსტიტუტის განვითარება და გაძლიერება მიიჩნევა. მედიაციის პროცესში სათანადოდ მომზადებული, მიუკერძოებელი მესამე პირი ეხმარება მოქალაქეებს და ბიზნესის წარმომადგენლებს სამოქალაქო დავების ხანგრძლივი და ძვირადღირებული სასამართლო პროცესის გარეშე, ურთიერთშეთანხმებით, სწრაფად და ეფექტიანად მოგვარებაში.

უნდა აღინიშნოს, რომ მედიაციის მიზანი არ არის და არც შეიძლება იყოს დავის გადაწყვეტის ტრადიციული საშუალების (სასამართლოს) ან თუნდაც, არბიტრაჟის ჩანაცვლება. განვითარებული მედიაციის მიზანია, დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების ხელშეწყობა, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობისა და ეფექტიანობის გაზრდა და სასამართლოს მაქსიმალურად განტვირთვა ისეთი დავებისაგან, რომლებსაც აქვთ ურთიერთშეთანხმებით დასრულების პერსპექტივა“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.