მედია - ურსულა ფონ დერ ლაიენმა სერბეთის პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკებები გააუქმა რუსეთის ეკონომიკის განვითარების მინისტრთან მისი შეხვედრის შემდეგ
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სერბეთის პრემიერ-მინისტრთან, მილოშ ვუჩევიჩთან მოლაპარაკებები გააუქმა მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი რუსეთის ეკონომიკის განვითარების მინისტრს, მაქსიმ რეშეტნიკოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია სერბეთში ევროკავშირის ელჩზე, ემანუელ ჟოფრემზე დაყრდნობით ავრცელებს.
ევროკომისიის პრეზიდენტის სერბეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მას შემდეგ გაუქმდა, რაც სერბეთის მთავრობის ვებგვერდზე ვუჩევიჩისა და რუსეთის ეკონომიკის მინისტრის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა. ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ „სერბეთს განზრახული აქვს, გააძლიეროს ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან“.
ფონ დერ ლაიენი ბელგრადს ბალკანეთის ქვეყნებში ტურნეს ფარგლებში ეწვია. ის უკვე შეხვდა სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდრე ვუჩიჩს, რომელმაც მანამდე განაცხადა, რომ არ გაემგზავრება ბრიქსის სამიტზე რუსეთში.
ევროკომისიის პრეზიდენტი ბელგრადში ბოსნია და ჰერცეგოვინიდან ჩავიდა. მანამდე მან ალბანეთი და ჩრდილოეთ მაკედონია მოინახულა. სერბეთიდან ის კოსოვოში მიემგზავრება, რეგიონულ ტურნეს კი მონტენეგროში ვიზიტით დაასრულებს.