მედია - უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქის ქალაქ სუჯის ნაწილი დაიკავეს
უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქის ქალაქ სუჯის ნაწილი დაიკავეს.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული „ტელეგრამში“ ბლოგერები წერენ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში წინსვლა განაგრძეს და დაიკავეს ქალაქ სუჯის დასავლეთ ნაწილი.
ასევე, მათივე ინფორმაციით, უკრაინელები აკონტროლებენ ქალაქთან მისასვლელ გზებს, ხოლო თავად სუჯაში ბრძოლა გრძელდება.
ბლოგერების ნაწილი ასევე წერს, რომ რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს კორენევოსთან, სადაც უკრაინამ რეზერვებიც გააგზავნა.
კურსკის ოლქის ხელისუფლება უკრაინელი სამხედროების წინსვლასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
ოლქის გუბერნატორმა, ალექსი სმირნოვმა გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა ოლქის მიმართულებით გაშვებული ექვსი დრონისა და შვიდი რაკეტის ჩამოგდება შეძლეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში 16 უპილოტო საფრენი აპარატის განადგურების შესახებ იუწყება.