მედია ოდესაში ვოლოდიმირ ზელენსკის კორტეჟზე სარაკეტო თავდასხმის მცდელობის შესახებ იუწყება
ბერძნული მედია ოდესაში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კორტეჟზე სარაკეტო თავდასხმის მცდელობის შესახებ იუწყება.
როგორც ბერძენი ჟურნალისტები წერენ, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ოდესაში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი იმყოფებოდა. უკრაინული წყაროები მომხდარის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.
ბერძნული გამოცემა წყაროდ საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენელს ასახელებს. როგორც იუწყებიან, სარაკეტო დარტყმა მაშინ განხორციელდა, როდესაც ზელენსკის კორტეჟი საბერძნეთის დელეგაციის სიახლოვეს იმყოფებოდა. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ შედეგად საბერძნეთის დელეგაციის წევრები არ დაშავებულან.
ოდესაზე სარაკეტო დარტყმის შესახებ იუწყება რუსული მედიაც.
ცნობისთვის, ოდესაში აფეთქება საბერძნეთის პრემიერ-მინისტრისა და უკრაინის პრეზიდენტის მოლაპარაკებებამდე მოხდა. რეგიონში გამოცხადებული იყო სარაკეტო თავდასხმის საფრთხე.