მედეა ტაბატაძე - კრიზისის დროს თანამშრომლების დათხოვნა გამართლებული არ არის, არ შეიძლება, კომპანიამ ამ პერიოდში ცოდნა დაკარგოს
მიმდინარე კრიზისის ფონზე ორგანიზაციებში თანამშრომლების დათხოვნა არ არის გამართლებული, რადგან არ შეიძლება, კომპანიამ კრიზისულ პერიოდში ცოდნა დაკარგოს. პერსონალის გათავისუფლებაზე ორიენტირებულ კომპანიას კრიზისის გადავლის შემდეგ თანამშრომლების დაქირავება კიდევ უფრო გაუჭირდება და გაუძვირდება, ვიდრე კრიზისამდე, – ამის შესახებ საკონსულტაციო კომპანია „ინსორსის“ მენეჯერმა, მედეა ტაბატაძემ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
გადაცემაში კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის ფონზე კომპანიების მიერ თანამშრომლების დათხოვნის პრობლემა განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ კომპანიების ნაწილმა მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის საქართველოშიც ხარჯების შემცირების მიზნით, თანამშრომლების გათავისუფლება გადაწყვიტა. როგორც საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, ეს მიდგომა არ არის კრიზისულ სიტუაციებში გამართლებული გამოსავალი.
„ინსორსის“ მენეჯერის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე კრიზისს მსოფლიო დონეზე ანალოგი არ ჰქონია და პრაქტიკულად არავინ იცის არსებული ჩიხიდან გამოსვლის რეცეპტი, რომელიც ერთდროულად ჯამრთელობის დაცვასა და ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნებას გულისხმობს, მაინც კადრების შენარჩუნება უფრო ეფექტური მეთოდია. საქმე ისაა, რომ კრიზისის გადავლის შემდეგ კადრების დაბრუნება ძალიან რთული იქნება.
„პირდაპირ ამბობენ ეკონომისტები და მენეჯმენტის ექსპერტები, რომ კრიზისულ პერიოდში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ორგანიზაციამ ცოდნა დაკარგოს, რადგან ორი ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა, ტექნოლოგიები და ადამიანები. ტექნოლოგიები გულისხმობს, რომ ბევრი რამე გაციფრულდება. კი გაციფრულდება, მაგრამ ამასაც გამოცდილება და ადამიანური რესურსი სჭირდება. საუბრობენ, რომ ყველა ბიზნესი გაციფრულდება, მაგრამ არავინ ამბობს, რა პროცენტით და როგორ. მაქვს მოსაზრება, რომ საქართველოში არ არის ისეთი მოცემულობა, რომ ყველაფერი ტექნოლოგიებზე გადავიდეს. ეს ადამიანური ცოდნა და გამოცდილება მაინც საჭიროა“, – განაცხადა ტაბატაძემ.
მისი განმარტებით, თუ ორგანიზაციას არა აქვს საშუალება, რომ საკუთარ მუშახელს კრიზისულ პერიოდში ხელფასი გადაუხადოს, კადრების შენარჩუნების სხვადასხვა მოდელი არსებობს და მენეჯმენტმა სწორედ ამ გზით უნდა იაროს. თუ კომპანია არჩევანს მაინც პერსონალის დათხოვნაზე შეაჩერებს, მისი რეპუტაცია შეირყევა და პოსტ-კრიზისულ პერიოდში დათხოვილი კადრის უკან დაბრუნება უფრო გაუჭირდება და გაცილებით ძვირიც დაუჯდება.
„ჩვენთან არასოდეს ითვლება, ერთ თანამშრომელს რა ეკონომიკური ღირებულების შექმნა შეუძლია ორგანიზაციაში. ან ერთი თანამშრომლის დაკარგვით ორგანიზაციას რა ხარჯი აქვს. არადა ეს დათვლადია. მშვიდობიან პერიოდში თანამშრომლების დაქირავება კიდევ უფრო რთული და ძვირი იქნება, ვიდრე კრიზისამდე, რადგან სოციალური პასუხისმგებლობა ძალიან უფასურდება – მან ხომ გაათავისუფლა თანამშრომლები. მერე, როდესაც კრიზისი სრულდება, ყველა ცდილობს, საუკეთესო თავისკენ წაიყვანოს, ე.წ. ომი საუკეთესო კადრებზე აქტიურ ფაზაში გადადის ხოლმე. ამ ვითარების გადავლის შემდეგ, მგონია, რომ ის თანამშრომლები, ვისი პოზიციის მიმართაც კითხვის ნიშნები გაუჩნდათ, ბაზარს ისევ დასჭირდება. ადრე თუ ისეთი მოცემულობა იყო, ტექნოლოგიებში გავაკეთო ინვესტირება თუ ხალხში, ახლა ბიზნესს ორივე სჭირდება. რაც შეეხება გადავადებას, ბევრი მოდელი არსებობს, როგორ შეინარჩუნოთ თანამშრომელი“, – განუცხადა მედეა ტაბატაძემ „ბიზნესპარტნიორს“.