მედეა ჯანიაშვილი - ვაქცინაციის პროცესში საქართველო იმ ერთეულ ქვეყნებს შორის არის, სადაც ტურიზმი პრიორიტეტულ დარგად დასახელდა
მედეა ჯანიაშვილი - ვაქცინაციის პროცესში საქართველო იმ ერთეულ ქვეყნებს შორის არის, სადაც ტურიზმი პრიორიტეტულ დარგად დასახელდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, მედეა ჯანიაშვილის განცხადებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პრიორიტეტულ ჯგუფებს ტურიზმის ინდუსტრია დაემატა და სექტორი მაქსიმალურად ჩართულია ამ პროცესში.

„ვაქცინაციის პროცესში საქართველო იმ ერთეულ ქვეყნებს შორის არის, სადაც ტურიზმი პრიორიტეტულ დარგად დასახელდა და როგორც იცით, საქართველო პირველი ქვეყანაა მთელ რეგიონში, სადაც სექტორისთვის ვაქცინაცია დაიწყო. ტურიზმის დარგი მაქსიმალურად ინფორმირებულია და ჩართულია რეგისტრაციის პროცესში. ჩვენს ბაზაში დარეგისტრირებულ ყველა კომპანიას ინფორმაცია უკვე მივაწოდეთ.
პირველ ეტაპზე რეგისტრაცია იურიდიული პირებისთვის დაიწყო, თუმცა ჩვენ მუდმივად ვითვალისწინებთ სექტორის მოთხოვნებს და უკვე დაემატნენ ინდმეწარმეებიც. ნებისმიერი იურიდიული პირი თუ ინდმეწარმე, რომელიც განთავსების, კვების ობიექტს, ტურისტულ კომპანიას, თუ ტუროპერატორს წარმოადგენს, საშუალება აქვს, ვაქცინაციისთვის თანამშრომლები დაარეგისტრირონ ჩვენს ვებგვერდზე“, – განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.

ტურისტული სექტორის წარმომადგენლების ვაქცინაციისთვის სარეგისტრაციო ფორმა ხელმისაწვდომია ვებგვერდზე – https://gnta.ge/ge/registration-form/.

მედეა ჯანიაშვილის ინფორმაციით, რეგისტრაცია 6 მაისიდან დაიწყო და უკვე 2000-მდე ადამიანმა გაიარა. ვაქცინაციის პროცესი კი 13 მაისიდან დაიწყო.