ამ ცხოველს ოფიციალურად თილაცინი ჰქვია და ჩვენთვის ცნობილი უკანასკნელი ინდივიდი 1930-იან წლებში მოკვდა.
მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, მისი აღდგენა შესაძლებელია ღეროვანი უჯრედებისა და გენების რედაქტირების ტექნოლოგიის გამოყენებით; შედეგად, პირველი თილაცინი ველურ ბუნებაში შეიძლება დაახლოებით ათ წელიწადში გაუშვან.
სხვა ექსპერტები იდეას სკეპტიკურად უყურებენ და აღნიშნავენ, რომ გადაშენებული ცხოველის აღდგენა უბრალოდ სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროა.
თილაცინს, იგივე ტასმანიურ ანუ ჩანთოსან მგელს, ტასმანიურ ვეფხვს უწოდებენ ზურგზე არსებული ზოლების გამო. სინამდვილეში, ის ჩანთოსანი ცხოველი იყო, ავსტრალიური ძუძუმწოვრის ტიპი, რომელიც ნაშიერებს ჩანთაში ზრდის.
ავსტრალიელ და ამერიკელ მკვლევართა ჯგუფი გეგმავს, რომ ღეროვანი უჯრედები აიღონ მსგავსი დნმ-ის მქონე ჩანთოსანი სახეობისგან, შემდეგ კი, გენების რედაქტირების ტექნოლოგიის გამოყენებით აღადგინონ გადაშენებული სახეობა — ან ის მასთან ძლიერ მსგავსი იყოს.
წარმატების შემთხვევაში, ეს მკვლევართა უდიდესი მიღწევა იქნება, მაგრამ მოითხოვს რამდენიმე სამეცნიერო ინოვაციას.
„მჯერა, რომ ათ წელიწადში გვეყოლება პირველი ცოცხალი, პატარა თილაცინი, რომელიც საუკუნის წინ, ნადირობის გამო გადაშენებამდე მიიყვანეს“, — ამბობს კვლევების ხელმძღვანელი, მელბურნის უნივერსიტეტის პროფესორი ენდრიუ პასკი.
ტასმანიური ვეფხვის პოპულაციის შემცირება ათობით ათასი წლის წინ დაიწყო, როდესაც ავსტრალიაში ადამიანები გამოჩნდნენ; მოგვიანებით, ამას დაემატა გარეული ძაღლის სახეობა დინგოს გამოჩენაც.
საბოლოოდ, ეს ჩანთოსანი არსება ველურ ბუნებაში მხოლოდ კუნძულ ტასმანიაზე შემორჩა, მაგრამ ნადირობის შედეგად, იქაც გადაშენდა.
ტყვეობაში მყოფი ბოლო ინდივიდი 1936 წელს, ტასმანიაზე, ჰობარტის ზოოპარკში მოკვდა.
თუკი მეცნიერებმა მისი აღდგენა შეძლეს, ეს იქნება გადაშენებული ცხოველის დაბრუნების პირველი შემთხვევა ისტორიაში. თუმცა, ბევრი გარე ექსპერტი ამ ყველაფერს სკეპტიკურად უყურებს.
„გადაშენებულის აღდგენა ზღაპრების ტიპის მეცნიერებას მიეკუთვნება. ეს პროექტი უფრო მიზნად ისახავს მედიის მიერ მეცნიერებისთვის ყურადღების მიქცევას და ნაკლებად ემსახურება სერიოზულ მეცნიერებას“, — ამბობს ავსტრალიის უძველესი დნმ-ის ცენტრის ასოცირებული პროფესორი ჯერემი ოსტინი.
ტასმანიური ვეფხვის აღდგენის იდეა უკვე ოც წელზე მეტია არსებობს. 1999 წელს, ავსტრალიურმა მუზეუმმა მისი კლონირების პროექტი დაიწყო. მას შემდეგ ადგილი ჰქონდა ნიმუშებიდან სიცოცხლისუნარიანი დნმ-ის აღების ან შეკეთების რამდენიმე მცდელობას.
ახალი პროექტი წარმოადგენს პარტნიორობას მელბურნის უნივერსიტეტსა და ტეხასურ კომპანია Colossal-ს შორის.
ეს კომპანია მედიაში პირველად შარშან გამოჩნდა, როდესაც საზოგადოებას გააცნო გეგმა გენების რედაქტირების ასეთივე ტექნოლოგიის გამოყენებით ბეწვიანი მამონტის აღდგენის შესახებ.