მეცნიერებმა სხვადასხვა ქვეყანაში გაზრდილი ტყუპები შეისწავლეს — რა აღმოჩნდა საერთო და რა განსხვავებული #1tvმეცნიერება
მეცნიერებმა ხელიდან არ გაუშვეს უიშვიათესი შესაძლებლობა შეესწავლათ იდენტური ტყუპები (მონოზიგოტური), რომლებიც ადრეულ ასაკში დააშორეს და სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ოჯახში გაიზარდნენ; შედეგები გარკვეულწილად მოულოდნელი აღმოჩნდა.
მათი IQ დაახლოებით 80 პროცენტით მემკვიდრეობითი აღმოჩნდა — კოგნიტურ ტესტებში დაახლოებით ერთნაირი შედეგი აჩვენეს, მაგრამ ტყუპებს შორის მაინც აღმოჩნდა 16-ქულიანი სხვაობა.
ტყუპებს შორის საერთო მრავალი იყო, მაგრამ ასევე შესამჩნევია სხვაობებიც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საჭიროა გადავხედოთ საკითხს, თუ რამდენად ეფუძნება ჩვენი ინტელექტი გენებს და რამდენად გარემოს, რომელშიც ვიზრდებით.
„მსგავსებები აშკარა იყო პიროვნებაში, თვითშეფასებაში, ფსიქიკურ ჯანმრთელობაში, სამსახურით კმაყოფილებასა და სამედიცინო ისტორიაში. წინა კვლევისგან განსხვავებით, ტყუპების ზოგად ინტელექტსა და არავერბალური მსჯელობის ქულებში გარკვეული სხვაობები აღმოჩნდა“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.
ტყუპები 1974 წელს სამხრეთ კორეაში დაიბადნენ; ერთმანეთს ორი წლის ასაკში დაშორდნენ, როდესაც ერთი მათგანი მაღაზიაში დაიკარგა. მას შემდეგ, რაც ის ოჯახისგან დაახლოებით 160 კილომეტრის მოშორებით მდებარე საავადმყოფოში წაიყვანეს და გოგონა ოჯახმა ვერ იპოვა, ის ამერიკელმა წყვილმა იშვილა.
ტყუპები ერთმანეთს 2020 წელს შეხვდნენ, მას შემდეგ, რაც ამერიკელმა ტყუპისცალმა დნმ-ის ნიმუში ჩააბარა პროგრამის ფარგლებში, რომელიც სამხრეთ კორეაში დაკარგულ ბავშვებს ეხებოდა. ტყუპებს მკვლევრები დაუკავშირდნენ და ინტერვიუებისა და ტესტების სერია ჩაუტარეს.
მრავალი მსგავსების მიუხედავად, მათ შორის მენტალური ჯანმრთელობისა და სამსახურით კმაყოფილების საკითხებისა, სამხრეთ კორეაში გაზრდილმა ტყუპისცალმა უფრო მაღალი შეფასება მიიღო მსჯელობის აღქმისა და დამუშავების სიჩქარის თვალსაზრისით.
მართალია, ქულები აშკარაა, მაგრამ მიზეზი არა. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ამერიკელმა ტყუპისცალმა ახალგაზრდობაში სამჯერ მიიღო ტვინის შერყევა, რამაც ის თითქოს „სხვა ადამიანად“ აქცია. თუმცა, შეუძლებელია იმის დაზუსტებით თქმა, იმოქმედა თუ არა ამან კოგნიტურ ტესტებში მიღებულ ქულებზე.
ასევე აუცილებლად გასათვალისწინებელია ისიც, რომ ერთმანეთს სულაც არ ჰგავდა ის ოჯახები, რომლებშიც ტყუპები გაიზარდნენ, თანაც სრულიად სხვადასხვა ქვეყანაში. მკვლევართა განცხადებით, სამხრეთკორეულზე უფრო მეტი კონფლიქტი და ნაკლები თავისუფლება იყო ამერიკულ ოჯახში.
„ტყუპები ერთმანეთისგან ძლიერ განსხვავებულ გარემოში გაიზარდნენ, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვადასხვა ქვეყანასა და კულტურაზე“, — წერენ მკვლევრები.
ბუნება VS აღზრდის თვალსაზრისით, ეს კვლევა ასევე მხარს უჭერს მოსაზრებას, რომ გარკვეული ქცევითი თვისებები მაინც შეიძლება იგივე დარჩეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბავშვები სხვადასხვა გარემოში იზრდებიან; მაგალითად, ორივე ტყუპისცალმა მაღალი შეფასება მიიღო კეთილსინდისიერებისა და თვითშეფასების დონის მიხედვით.
ზოგადი, აშშ უფრო ინდივიდუალისტური და ნაკლებად კოლექტივისტურია ეროვნული კულტურის თვალსაზრისით, ვიდრე სამხრეთ კორეა. მკვლევართა აზრით, ამ კულტურულ სხვაობებს სავარაუდოდ ჰქონდა გავლენა ცდებში მიღებულ ზოგიერთ პერსონალურ შეფასებაზე.
მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანია, არ გამოვიტანოთ ძალიან ბევრი მტკიცე დასკვნა ტყუპების მხოლოდ ერთი წყვილისგან, შედეგები მაინც მნიშვნელოვანია; დნმ ტესტირების ხელმისაწვდომობის ზრდა კი იმას ნიშნავს, რომ მომავალ წლებში ერთმანეთს კიდევ მრავალი დიდი ხნის წინ დაკარგული ტყუპი იპოვის და მეცნიერებსაც მეტი მონაცემი ექნებათ შესასწავლად.
„გვესაჭიროება მეტი ასეთი შემთხვევის გამოვლენა. ჯერ კიდევ არ ვიცით ყველა ის მექანიზმი, რომლებიც გენებიდან მოლეკულურ დონეზეა ჩართული იმ ქცევებში, რომლებსაც ყოველდღე ვხედავთ“, — ამბობს კვლევის ავტორი, კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევოლუციური ფსიქოლოგი ნენსი სეიგალი.
კვლევა ჟურნალ Personality and Individual Differences-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია psypost.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.