კოლუმბიაში დაიბადა გოგონა, რომელიც ტყუპისცალს საკუთარ მუცელში ზრდიდა - უიშვიათესი შემთხვევა მედიცინაში
კოლუმბიაში დაიბადა გოგონა, რომელიც ტყუპისცალს საკუთარ მუცელში ზრდიდა - უიშვიათესი შემთხვევა მედიცინაში

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ერთი თვისაც არ არის, კოლუმბიელმა ახალშობილმა გოგონამ, სახელად იცამარა ვეგამ მთელი მსოფლიო აალაპარაკა.

35 კვირის ასაკში, ჯერ კიდევ მაშინ, როცა იცამარა დედის მუცელში იმყოფებოდა, უიშვიათესი დიაგნოზი დაუსვეს — გარემოება, რომელიც მსოფლიოში მხოლოდ ორასჯერ არის დაფიქსირებული.

ულტრაბგერის გამოყენებით, ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ იცამარა მუცელში საკუთარი ტყუპისცალის ჩანასახს ზრდიდა.

„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, ჩანასახს სრულიად ცალკე ჭიპლარი ჰქონდა და პარაზიტული ტყუპის მსგავსად, სისხლს თავის დის ნაწლავიდან იღებდა.

წარმოუდგენლად ჟღერს, მაგრამ ყველაფერი სიმართლეა. მსგავსი თანდაყოლილი ანომალია პირველად 1808 წელს აღწერეს და უწოდებენ „ჩანასახს ჩანასახში“ (foetus-in-fetu). ხდება უკიდურესად იშვიათად, დაახლოებით ყოველ 500 000 ახალშობილში ერთხელ. შესაბამისად, უმალ იპყრობს მთელი მსოფლიოს ყურადღებას.

წარსულში აღწერილია შემთხვევები, როცა ნაწილობრივ ჩამოყალიბებულ ჩანასახებს ჰქონდათ საკუთარი კიდურები, თირკმლები, ხერხემალი, თმა, ფრჩხილები და საკუთარი პენისიც კი.

როგორც წესი, მსგავს შემთხვევებს დაბადებიდან მალევე ამჩნევენ, მუცელზე ამოზნექილობით, მაგრამ ხანდახან, შესაძლოა, ჩანასახი წლობით შეუმჩნეველი დარჩეს.

დაფიქსირებულია ერთი შემთხვევა, როცა შუახნის ქალმა აღმოაჩინა, რომ მუცლით 45 წლის განმავლობაში ატარებდა საკუთარი ტყუპისცალის თვალებს, კბილებსა და შავ თმას.

რაც არ უნდა შემზარავად ჟღერდეს, ეს ე. წ. პარაზიტული ტყუპისცალი სინამდვილეში ცოცხალი არ არის და წარმოადგენს კეთილთვისებიან სიმსივნურ წარმონაქმნს. ზუსტი გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ არსებობს გარკვეული ცნობები.

იდენტურ ტყუპებზე ორსულობის ადრეულ პერიოდში, როცა ერთი განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ორად იყოფა, განცალკევებული უჯრედები შეიძლება არათანაბრად გაიყოს.

თავდაპირველად პათოლოგიური არაფერი ჩანს და უჯრედების ორივე ბრტყელი წყება ნორმალურ ზრდას აგრძელებს. პრობლემა მხოლოდ მეოთხე კვირაში იჩენს თავს, როცა დისკოები მოკეცვას იწყებს და ნელ-ნელა ივითარებს სხეულის ყველა საჭიროებას.

ამ სტადიაზე, თუ ტყუპების ეს ემბრიონები მხოლოდ ნაწილობრივ გაიყოფა, ერთის უჯრედები შეიძლება მეორემ შთანთქოს, დაახლოებით ისე, როგორც შოკოლადს ათავსებენ ფუნთუშაში.

სხვა ჩანასახში ჩაჭედვის შემდეგ, პატარა ტყუპისცალი წყვეტს დედისგან სისხლმომარაგებას და იძულებულია, ზრდისთვის თავისი დის/ძმის სისხლი გამოიყენოს.

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, როგორც მკვლევრები აცხადებენ, შესაძლებელია, ჩანასახში ერთზე მეტი სხვა ჩანასახი ჩაიჭედოს. დაფიქსირებულია ერთი ფრიად გამორჩეული შემთხვევა, როცა ერთ ჩანასახში ჩაჭედილი იყო 11 პარაზიტული ტყუპი.

კოლუმბიელი გოგონას შემთხვევაში, მის მუცელში მხოლოდ ერთი ტყუპი აღმოჩნდა ჩაჭედილი. ამ პარაზიტული ჩანასახის სიგრძე დაახლოებით ხუთი სანტიმეტრი იყო და ჰქონდა მოუმწიფებელი თავი და კიდურები, ტვინისა და გულის გარეშე.

ამ შემთხვევაში, პარაზიტული ტყუპი საკმაოდ ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინეს, რაც ნამდვილად მიღწევაა თანამედროვე მედიცინისთვის. ექიმები შიშობდნენ, რომ მას შესაძლოა, იცამარას შინაგანი ორგანოები დაეზიანებინა.

გამომდინარე აქედან, გოგონას დაბადება ნაადრევად, საკეისრო კვეთის გზით მოხდა. დაბადებიდან მეორე დღეს, პარაზიტული ტუპისცალი ექიმებმა მას წარმატებით მოაშორეს. გოგონა თავს კარგად გრძნობს.

მომზადებულია The New York Times-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი