მეცნიერებმა შექმნეს სისხლის ახალი ტესტი, რომელიც თავის ტვინის კიბოს ერთ საათში აფიქსირებს — #1tvმეცნიერება
მეცნიერებმა თავის ტვინის კიბოს დაფიქსირების ახალი მეთოდი შეიმუშავეს, რომელიც გაცილებით სწრაფი და ნაკლებად ინვაზიურია, ვიდრე ქირურგიული ბიოფსია.
ამ „თხევადი ბიოფსიისათვის“ საჭიროა მხოლოდ 100 მიკროლიტრი სისხლი და სულ რაღაც ერთი საათი. აფიქსირებს გლიობლასტომასთან დაკავშირებულ ბიომარკერებს — ეს გახლავთ თავის ტვინის ყველაზე გავრცელებული და მომაკვდინებელი ტიპი.
მეთოდი გლიობლასტომის ყველა ამჟამინდელ ტესტსა და მარკერს ბრწყინვალე სიზუსტით ჯობნის.
რევოლუციური მეთოდი ამერიკელ და ავსტრალიელ მკვლევართა ჯგუფმა შექმნა, რომელსაც აშშ-ის ნოტრ-დამის უნივერსიტეტის მეცნიერები ხელმძღვანელობდნენ. მათი კონცეფციის მტკიცებულება ჯერ სრულყოფილი არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია დიაგნოსტირებაში.
ტესტი ეფუძნება სისხლის მუტირებული ბიომარკერების შეგრძნებას, რომელსაც ეპიდერმულ ზრდის ფაქტორ რეცეპტორებს (EGFR) უწოდებენ და რომლებიც ზედმეტად გამოხატულია გარკვეულ კიბოებში, მაგალითად, გლიობლასტომაში.
სისხლის ბიომარკერები გვხვდება უჯრედგარე ვეზიკულებში; ეს პატარა პაკეტები შეიცავს ცილებს, ლიპიდებსა და თავდაპირველი უჯრედის გენეტიკურ მასალას.
„უჯრედგარე ვეზიკულები, ანუ ეგზოსომები უჯრედების მიერ გამოყოფილი უნიკალური ნანონაწილაკებია.
„ისინი დიდია, მოლეკულაზე 10-15-ჯერ დიდი და აქვთ სუსტი მუხტი. ჩვენი ტექნოლოგია კონკრეტულად ამ ნანონაწილაკებისთვის შეიქმნა, რათა მათ მახასიათებელთა უპირატესობა გამოიყენოს“, — ამბობს ნოტრ-დამის უნივერსიტეტის ბიომოლეკულური ინჟინერი ჰსუე-ჩია ჩანგი.
სიმსივნურ უჯრედთა მიერ გამოყოფილი მოლეკულების დასაფიქსირებლად, მკვლევრებმა სუპერმგრძნობიარე ბიოჩიპი სისხლის პლაზმის დაუმუშავებელ ნიმუშში ჩადეს.
ეს ჩიპი 2 დოლარზე იაფი ღირს და აღჭურვილია საწერი კალმის ბურთულის ზომის ციცქნა სენსორით. ინტერფეისი შეიცავს ანტისხეულებს, რომლებიც მუტირებული EGFR-ების ეგზოსომებზეა გათვლილი.
როდესაც EGFR-ები ბიოჩიპს ეკვრიან, პლაზმის ხსნარში ხდება ძაბვის ცვლილება, რაც მაღალ უარყოფით მუხტს იწვევს. ეს კი შესაძლო კიბოს მანიშნებელია.
ექსპერიმენტებში, ბიოჩიპი დატესტეს გლიობლასტომის მქონე 20 პაციენტის და 10 ჯანმრთელი ადამიანის სისხლის ნიმუშებზე. თითოეულ ტესტში თითო ჩიპი გამოიყენეს.
საბოლოოდ, თხევადმა ბიოფსიამ კიბოს ბიომარკერები ბრწყინვალე სიზუსტით დააფიქსირა, თანაც ძალიან იაფად.
„ჩვენი ელექტროკინეტიკური სენსორი ისეთი რამეების საშუალებას გვაძლევს, რაც დიაგნოსტიკის სხვა მეთოდებს არ შეუძლია. უჯრედგარე ვეზიკულების იზოლირებისთვის შეგვიძლია სისხლი ყოველგვარი წინასწარი დამუშავების გარეშე, პირდაპირ გამოვიყენოთ, რადგან ჩვენს სენსორზე გავლენას არ ახდენს სხვა ნაწილაკები ან მოლეკულები. შედეგად, ჩვენი მეთოდი უფრო მგრძნობიარეა დაავადების დაფიქსირებაში, ვიდრე დიაგნოსტიკის სხვა საშუალებები“, — განმარტავს ბიომოლეკულური ინჟინერი სატია ჯიოტი სენაპატი.
სენაპატის და მისი კოლეგების განცხადებით, ექსპერიმენტებში ბიოჩიპმა ზუსტად დააფიქსირა და დათვალა ეგზოსომების კონცენტრაცია, მაშინაც კი, როცა ის 0,01 პროცენტზე დაბალი იყო.
თუმცა, ზოგი რამ ჯერ კიდევ გასარკვევია.
მუტირებული EGFR-ები მხოლოდ გლიობლასტომასთან არ არის დაკავშირებული. ისინი სხვა დაავადებებთანაცაა დაკავშირებული, მაგალითად, მსხვილი ნაწლავის (კოლორექტალური) კიბოსთან.
„შესაბამისად, აქტიური EGFR და სრული ხელწერა შეიძლება აუცილებლად გლიობლასტომის არსებობაზე არ მიუთითებდეს. ასევე, გლიობლასტომის მქონე პაციენტებს შეიძლება გაძლიერებული ან მუტირებული EGFR ჰქონდეთ, მაგრამ ასევე შეიძლება ჰქონდეთ დაავადების არა EGFR-მართული ფორმები“, — წერენ მკვლევრები.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტესტს არ შეუძლია პოტენციური გლიობლასტომის ყველა შემთხვევის დიაგნოზირება. ასევე არ შეუძლია იმის დაზუსტებით თქმა, რა ტიპის კიბო აქვს პაციენტს, სად მდებარეობს ის სხეულში ან რომელ სტადიაზეა დაავადება.
ჯგუფის განცხადებით, უფრო კონკრეტული ტესტის შესაქმნელად, მათ გლიობლასტომის პაციენტთა უფრო დიდი კოჰორტის ანალიზი სჭირდებათ, რათა განსაზღვრონ, რა ბიომარკერები განასხვავებენ მათ სისხლს.
კვლევა Communications Biology-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია news.nd.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.