მეცნიერებმა შექმნეს შარდის მარტივი ტესტი, რომელიც კიბოს ადრეულ ეტაპზე აფიქსირებს — #1tvმეცნიერება
კიბოს ადრეული დიაგნოზი პაციენტის გამოჯანმრთელების შანსს საგრძნობლად ზრდის; სწორედ ამიტომ არის იაფი, არაინვაზიური სკრინინგ-ტესტები ასე მნიშვნელოვანი.
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მკვლევართა მიერ შექმნილი ახალი დიაგნოსტიკური ინსტრუმენტი შარდის ნიმუშის საფუძველზე აფიქსირებს რამდენიმე ტიპის კიბოს, თანაც სახლში, ორსულობის ტესტის მსგავსად. საჭირო აღარაა საავადმყოფოში ექიმთან ვიზიტი და აღარც სკანირების ძვირად ღირებული პროცედურები ან სისხლის ანალიზები.
მიუხედავად იმისა, რომ ტესტი შეიძლება მარტივი იყოს, ტექნოლოგია, რომელსაც ის ეფუძნება, ფრიად დახვეწილია და იყენებს იმ ფერმენტებს, რომლებიც სხვადასხვა კიბოთა გამოჩენისთვის არის დამახასიათებელი.
მკვლევრებმა შექმნეს ახალი ტიპის ნანონაწილაკი, რომელიც დაფარულია დნმ-ის მიმდევრობათა კრებულით მონიშნული ცილებით. როდესაც კიბოსთან დაკავშირებული ფერმენტები სისხლში ნანონაწილაკს შეხვდება, ისინი ამ ფერმენტისთვის დამახასიათებელ ცილას წყვეტენ. ცილებთან დაკავშირებული თანმიმდევრობა ორგანიზმიდან შარდის საშუალებით გამოიყოფა და მისი წაკითხვა შტრიხკოდის მსგავსად არის შესაძლებელი, რაც კიბოს არსებობას ადგენს.
ნანონაწილაკები თაგვებში ინექციის მეშვეობით დატესტეს; მკვლევართა განცხადებით, საბოლოოდ, შეიძლება შემუშავდეს ორალურად მისაღები ვერსია, ინჰალატორის მეშვეობით, ანდაც ადგილობრივი დამუშავების კრემის სახით.
ნანონაწილაკების დნმ-ის სხვადასხვა შტრიხკოდს არა მხოლოდ სიმსივნის გამოვლენის პოტენციალი აქვთ, არამედ შეუძლიათ ერთმანეთისგან გაარჩიონ სხვადასხვა ტიპის კიბოც; დაადგინონ, აქვს თუ არა მას მეტასტაზები. ეს ყველაფერი კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციაა მიზნობრივი მკურნალობის შემუშავებისთვის.
ნანონაწილაკების სენსორებმა კიბოს მიერ წარმოქმნილი ხუთი სხვადასხვა სახის ფერმენტის დაფიქსირება შეძლეს. ერთ ნიმუშში პოტენციურად შესაძლებელია დნმ-ის 46 სხვადასხვა შტრიხკოდის ექსპრესია, ოღონდ მას შემდეგ, რაც ტექნოლოგია კიდევ უფრო დაიხვეწება.
„ჩვენი მიზანია დაავადების ხელწერათა შეგროვება და იმის გარკვევა, შეგვიძლია თუ არა ამ შტრიხკოდირებული პანელების გამოყენება არა მხოლოდ დაავადების წასაკითხად, არამედ კლასიფიცირების ან კიბოს სხვადასხვა ტიპების გასარჩევად“, — ამბობს MIT-ის ყოფილი ბიოსამედიცინო ინჟინერი ლიანლიან ჰაო, რომელიც ამჟამად ბოსტონის უნივერსიტეტში მუშაობს.
მიუხედავად იმისა, რომ კიბოს ბიომარკერების დაფიქსირება ხშირად რთულია, კვლევის ფარგლებში შექმნილი ამ სინთეტიკური ნანონაწილაკის გამოყენება შესაძლებელია ამ სიგნალთა გასაძლიერებლად, კიბოს ტიპების და მათი პროგრესირების დასადგენად. ეს ყველაფერი გენების რედაქტირების ტექნოლოგია CRISPR-ის საშუალებით შეძლეს, რომელსაც უკვე უდიდესი გავლენა აქვს სამეცნიერო კვლევებში.
„პაციენტებს ექნებათ დაავადების პროგრესირების თვითკონტროლის შესაძლებლობა, რაც შესაძლებელს გახდის მის ადრეულ გამოვლენას და ეფექტიან მკურნალობას. მორგებული გამოყენებით, ამ პროგრამირებადმა სენსორებმა შეიძლება გააკონტროლონ სხვა ინფექციური და არაგადამდები დაავადებები, რაც მათ მკურნალობას და მართვას გააუმჯობესებს“, — წერენ მკვლევრები.
ეს ყველაფერი ჯერ ადამიანებზე უნდა შემოწმდეს; შესაბამისად, სრულფასოვანი ტესტი, რომელსაც სახლში გამოვიყენებთ, ალბათ ასე მალე ხელმისაწვდომი არ იქნება, მაგრამ მკვლევრები დარწმუნებული არიან, რომ მომავალში ეს ტექნოლოგია აუცილებლად დაიხვეწება.
კვლევა Nature Nanotechnology-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია news.mit.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.